ზვიად ქორიძეზე ფიზიკური ანგარიშსწორება არის ივანიშვილის რეჟიმის მიზანმიმართული თავდასხმა ჩვენს ორგანიზაციაზე - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

15 იანვარი 2025, 13:00 100 ნახვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადებით, რეგიონული ოფისების ხელმძღვანელზე, ზვიად ქორიძეზე ბათუმში განხორციელებული თავდასხმა არის მათ ორგანიზაციაზე ივანიშვილის რეჟიმის მიზანმიმართული თავდასხმა.

მათი განცხადებით, ეს ძალადობრივი შემთხვევა მათი ორგანიზაციის წინააღმდეგ წლების მანძილზე მიმდინარე სახელისუფლებო კამპანიის გაგრძელებაა.

"ვეხმიანებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეგიონული ოფისების ხელმძღვანელზე, ზვიად ქორიძეზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას და ვაფასებთ მას, როგორც ივანიშვილის პარტიის მიზანმიმართულ ძალადობას და ანგარიშსწორებას ქართული სამოქალაქო სექტორისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”  წარმომადგენლის წინააღმდეგ. ეს ძალადობრივი შემთხვევა ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ წლების მანძილზე მიმდინარე სახელისუფლებო კამპანიის გაგრძელებაა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია,  2024 წლის 14-15 იანვარს ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში თავს დაესხნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერს, ცნობილ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, ზვიად ქორიძეს. ის ბათუმში  სამსახურებრივი მივლინების ფარგლებში იმყოფებოდა და პოლიტიკური პატიმრის, „ბათუმელების” და „ნეტგაზეთის”  დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ადევნებდა თვალს, ამასთანავე აპროტესტებდა მის უკანონო პატიმრობას.

ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეობდნენ პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე. არსებობს ვარაუდი, რომ თავდასხმაში ასევე მონაწილეობდა ძიუდოისტი და არალეგიტიმური პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი. თავდასხმაში მონაწილე პირების ვინაობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე და კრიტიკული აზრის მქონე პირებზე თავდასხმაში პარტიის ლიდერები არიან ჩართულები, რომლებიც პირადად მონაწილეობენ ადამიანების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. მოგვიანებით, იგივე პირები თავს დაესხნენ ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ამჟამად პოლიტიკური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას.

ეს ძალადობრივი  ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ კრიტიკული მოსაზრების მქონე პირებისა და ჩვენი ორგანიზაცის  წარმომადგენლების წინააღმდეგ ანგარიშსწორება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მის განხორციელებაში ჩართულნი არიან არა ფარულად ორგანიზებული ჯგუფები, არამედ უშუალოდ ივანიშვილის პარტიის ზონდერებად ღიად მოქმედი ლიდერები. მათ ევალებათ აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნა და მათზე თავდასხმა. 

მოვითხოვთ  „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისგან, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები თავდამსხმელების წინააღმდეგ და უმოკლეს ვადებში დააკავონ დიმიტრი სამხარაძეს, გიორგი მანველიძე და თავდასხმაში მონაწილე სხვა პირები. მათ ქმედებაში იკვეთებასისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა სიტყვის, აზრის ან პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით), და 225-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს სასტუმრო შერატონის ხელმძღვანელობას საქმის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯარონ ვიდეო ჩანაწერები.

ჩვენ დაუყოვნებლივ მივაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს, რათა ადეკვატური პასუხი გაეცეს როგორც უშუალოდ ივანიშვილს, ასევე მისი ზონდერ ჯგუფების ამ ქმედებას" - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში