ხელახალი არჩევნების ჩატარებისა და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ორმოც დღეზე მეტია საპროტესტო აქციები გრძელდება ბათუმში. ახალგაზრდები, ხელოვანები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები წუხელ ბათუმში ტრადიციულად მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ.
მათი განცხადებით, ქვეყნის პროდასავლური კურსი არ უნდა შეიცვალოს და საქართველო მოკლე დროში უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქციაზე შეკრებილები კრიზისის დაძლევის მთავარ გზას ხელახალ, სამართლიან არჩევნებში ხედავენ.
აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს წუხელ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დარჩა.