აუცილებელია, გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს, ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის შემდეგ განუცხადა.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ასევე, ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, ვულოცავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებს, ჩვენს ოჯახებს, ქრისტეშობის მადლი შეეწიოს ყველას. განსაკუთრებულად მინდა, აღვნიშნო პატრიარქის ეპისტოლე, რომელიც ყოველთვის ყურადსაღებია, მიესადაგება არსებულ გამოწვევებსა და რეალობას.
ეს არის მოყვასის სიყვარული, ალბათ დამეთანხმება ჩვენი საზოგადოება, რომ აუცილებელია, გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს, ეს ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ და დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით. ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით, რა ძალიან კარგი იქნება. როგორც პრეზიდენტი, ვეცდები, ეს საქმითაც დავამტკიცო და ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო სიყვარულით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.