საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე პოლონელ კოლეგებს COSAC-ის კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით წერილით მიმართავს

06 იანვარი 2025, 17:37 112 ნახვა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე პოლონელ კოლეგებს COSAC-ის კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიმართავს.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის მიმართვა ეხება 2024 წლის 23 დეკემბრის კომუნიკაციას, რომ მათ მხარი აღარ დაუჭირონ COSAC-ის კონფერენციაზე მოწვევას.

„პატივცემულო აგნიეშკა პომასკა, პატივცემულო ტომაშ გროდსკი, გიდასტურებთ თქვენი 2024 წლის 6 დეკემბრის წერილის მიღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) სხდომაში მონაწილეობისთვის საქართველოს პარლამენტის მოწვევის შესახებ. აგრეთვე, თქვენს 2024 წლის 23 დეკემბრის კომუნიკაციას შეცვლილი გადაწყვეტილების შესახებ, მხარი აღარ დაუჭიროთ COSAC-ის კონფერენციაზე მოწვევას (მიუხედავად იმისა, რომ COSAC-ის რეგლამენტის 3.2 მუხლის მიხედვით, საქართველოს დელეგაციას უფლება აქვს, ჰყავდეს ორი წარმომადგენელი). გამოვხატავ ჩემს ღრმა შეშფოთებას ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან ის ძირს უთხრის დიალოგისა და თანამშრომლობის სულისკვეთებას – ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია მის ხელშეკრულებებში და COSAC-ის რეგლამენტის 1-ელ მუხლში. აგრეთვე, თქვენი გადაწყვეტილება COSAC-ის მომავალი ღონისძიებებისთვის ქმნის პრობლემურ ინსტიტუციურ პრეცედენტს.

საქართველომ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. ახალი მოწვევის საქართველოს პარლამენტი კი მტკიცედ აგრძელებს ამ პროცესს, რაც უზრუნველყოფს საქართველოს უკეთეს მზადყოფნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის, მათი გახსნისთანავე. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების კონფერენცია (COSAC) მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც პლატფორმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს მსგავს ქვეყნებს შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე დიალოგის ხელშეწყობისთვის. ეს ფორუმი იქცა კარგ შესაძლებლობად ურთიერთგაგების გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და არსებული გამოწვევების განსახილველად საპარლამენტო განზომილებაში. 2014 წლიდან, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პარლამენტს აქვს COSAC-ში კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული მონაწილეობის ძლიერი გამოცდილება, რაც დადებითად აისახებოდა როგორც ჩვენს რეგიონზე, ისე მთლიანად ევროკავშირზე.

საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რჩება კანონის უზენაესობის, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვის ერთგული, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი ქვეყანა. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება არ ვთანხმდებოდეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებაზე, COSAC კონფერენცია წარმოადგენს დიალოგის და არა დაყოფის ღირებულ შესაძლებლობას. მეტიც, მე მჯერა მასპინძელი ქვეყნის საპატიო სტატუსის – ხელი შეუწყოს გულწრფელ დისკუსიებს და ღია დიალოგს, წაახალისოს ურთიერთმოსმენა და პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხების პატივისცემა. ჩვენი, როგორც პარლამენტარების მოვალეობა ხომ დიალოგისა და ურთიერთგაგების ხიდების მშენებლობაა მაშინ, როცა ეს შეიძლება სხვა დონეებზე გამოწვევად ჩანდეს.

ამასთანავე, პოლონეთი ოდესღაც იყო გამორჩეული მხარდამჭერი აღმოსავლეთის პარტნიორობის, რომელიც არის საერთო სარგებლობის ინიციატივა უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ხალხთაშორისი ურთიერთობის, ვაჭრობისა და გეოპოლიტიკის თვალსაზრისით. თქვენმა ასეთმა დასანანმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და ძირი გამოუთხაროს პოლონეთის გეოპოლიტიკურ ლიდერობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეშფოთებით მივიღე თქვენი წერილი, ვინაიდან თქვენი გადაწყვეტილება რისკის ქვეშ აყენებს კონსტრუქციულ დიალოგს და უფრო მეტად ამწვავებს არსებულ სიტუაციას, ასევე, უარყოფითად მოქმედებს თავმჯდომარე ქვეყნის – პოლონეთის – ავტორიტეტზე, სანდოობასა და ლიდერობაზე. ის ასევე შეიძლება გახდეს პრობლემური პრეცედენტი COSAC-ის მომავალი საქმიანობისთვის. ამ შესაძლებლობების გაწყვეტა მხოლოდ მეტ დაბრკოლებებს უქმნის თანამშრომლობას და COSAC-ის ინსტიტუციურ განვითარებას.

ძვირფასო კოლეგებო, დასანანია თქვენი გადაწყვეტილება, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მე ღია ვარ შინაარსიანი დისკუსიებისთვის ორმხრივ ან მრავალმხრივ ფორმატებში, რათა ვიმსჯელოთ ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტებით და არა უსაფუძვლო ბრალდებებითა და აღქმებით. ასევე, იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ მომავალში ერთად მუშაობის გაგრძელებას კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებით, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ დროს ჩვენი ქვეყნებისა და ერებისთვის ერთობლივი დადებითი შედეგების მისაღწევად“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიმართვაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში