ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი

05 იანვარი 2025, 20:02 200 ნახვა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის. როგორც ცნობილია, დელეგაციას პრეზიდენტი პია კაუმა უხელმძღვანელებს. ვიზიტი 8-10 იანვარს გაიმართება და ეს იქნება პრეზიდენტ კაუმას პირველი სტუმრობა საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პია კაუმას ღია წერილით მიმართავს სამი ოპოზიციური გაერთიანება.
წერილის ავტორები კოალიციები „ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა და „ძლიერი საქართველო“ არიან. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება იქამდე, სანამ ქართული ოცნება ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულებას არ აიღებს.
წერილში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რიგი დარღვევების ფონზე წარიმართა და ამ დარღვევების ინტენსიურობამ მთავრობის ლეგიტიმაციას ძირი გამოუთხარა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მსგავსი შინაარსის ღია წერილით მიმართავს გიორგი გახარიაც.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი ვიზიტის შერჩეულ დროს შემაშფოთებელს უწოდებს და  „ქართუილი ოცნების“ მმართველობის ლეგიტიმაციის რისკებზე საუბრობს.  მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობას გამოხატავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში