პირველად იქნება პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის ინაუგურაცია, რაც საპარლამენტო რესპუბლიკების საუკეთესო ტრადიციაა, ამიტომ ჩვენთან ეს პირველად მოხდება და გვინდა, რაც შეიძლება საზეიმო განწყობა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"პომპეზურობასთან ერთად, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს ის კლასიკური დანიშნულება, რაც გულისხმობს მის ოფიციალურ ნაწილს, სადაც საარჩევნო კოლეგიის თანდასწრებით ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების თანდასწრებით მოხდება პრეზიდენტის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადება. დარბაზი რამდენ ადამიანსაც დაიტევს, იმდენი ადამიანი იქნება. აუცილებლად შეივსება. ისტორიული მომენტია და დიდი ინტერესია ამ ღონისძიების მიმართ, თუმცა ის, ვინც ვერ შეძლებს დარბაზში ყოფნას, ნახავს პირდაპირი ტრანსლირების მეშვეობით. ვფიქრობთ, იქნება მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის.
სპეციალურად ამ დღისთვის დაიბეჭდა საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელზეც ფიცს დადებს საქართველოს პრეზიდენტი და შემდეგ ეს ეგზემპლარი შეინახება საქართველოს პარლამენტში და ყოველი შემდგომი პრეზიდენტი ზუსტად ამ ეგზემპლარზე დადებს ფიცს. იქნება სამი თანაბარზომადი, თუ თანაბარწონადი ორიგინალი, რომლის ერთი ეგზემპლარი განთავსებული იქნება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში, მეორე გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას, მესამე კი – არქივს. გარდა ამისა, ჩვენ დავბეჭდეთ ინაუგურაციაში მონაწილე პირებისთვის ასლები და მათაც გადაეცემათ ეგზემპლარი ამ დღის აღსანიშნავად, ამ დღესთან დაკავშირებით სამახსოვროდ რომ დარჩეთ. ვფიქრობთ, ამ მხრივაც ისტორიას რაღაცნაირად შევქმნით და შემდეგ, გავა ათწლეულები, ასწლეულებიც და ეს იქნება ის ორიგინალი, რომელზეც ყველა პრეზიდენტი დადებს ფიცს. შევეცადეთ, რომ დღის პომპეზურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონსტიტუციას ჰქონოდა შესაბამისი სახე და იმედია, საინტერესოდ დარჩება ისტორიაში ეს გამოცემა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.