ოთხიდან სამმა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით ორმა პარტიამ, რომელმაც მიიღო დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები - პრემიერი

27 დეკემბერი 2024, 11:31 155 ნახვა

ოთხიდან სამმა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით ორმა პარტიამ, რომელმაც მიიღო დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მანამდე „ლელომ” მიიღო ცესკო-ში თანამდებობა, შესაბამისად, აღიარა არჩევნების შედეგები.

„რეალურად, ყველა ხედავს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა არის დარწმუნებული, უბრალოდ, მათ დაიწყეს გარკვეული თამაში პატრონების დავალებით, უნდა ეცადათ ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი მეთოდებით, თუმცა ესეც ჩავარდა. ახლა წავა განსხვავებული პროცესი. თებერვალში, მე მგონია, რომ შეიძლება, ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში, როდესაც გაიხსნება მომდევნო საპარლამენტო სესია.

მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს ეს პარტიები საკუთარმა პატრონებმა და ამას უკავშირდება ის არათანმიმდევრულობა, რაც არის დღეს აშკარად სახეზე. ერთი პარტია ამბობს ერთს, დანარჩენები ამბობენ სხვას, არის სრული შეუთანხმებლობა მათ შორის. ერთი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ყველა დანარჩენმა აღიარა. ეს ყველაფერი არის იმ არათანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი, რაც მათი მხრიდან გადაიდგა. მათ სცადეს რევოლუციის მოწყობა ძალადობრივი მეთოდებით, ჩაუვარდათ და ახლა არიან აბსოლუტურად დეზორიენტირებული. ეს არის მათი არათანმიმდევრული ნაბიჯების მიზეზი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში