ირაკლი კობახიძე - ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ოთხი პოლიტიკური პარტიის სათავეშია, მხარდამჭერებს ატყუებდა

26 დეკემბერი 2024, 23:39 197 ნახვა

ირაკლი კობახიძე - ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ოთხი პოლიტიკური პარტიის სათავეშია, მხარდამჭერებს ატყუებდა, რომ იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ჩატარდა არა რიგგარეშე, არამედ რიგიანი არჩევნები, მომდევნო არჩევნების თარიღია 2028 წლის 28 ოქტომბერი

 

 

ცნობილია მომდევნო არჩევნების თარიღი, სტანდარტული არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ანუ 4 წელიწადში, ყველას ვურჩევდი, აქედანვე დაიწყონ მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ძლიერება გამოხატულია ხალხის რაოდენობით, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ფუჭია.

 

„ქუჩის პროტესტს აქვს სხვადასხვა დატვირთვა - როდესაც ქუჩაში გამოდის რეალურად 100 ათასი, 200 ათასი და 500 ათასი კაცი და როცა გამოდის 1000 კაცი, რაც დღეს მოხდა. 1000 კაციც არ იყო შეკრებილი დღეს რუსთაველის გამზირზე. ამას აქვს მნიშვნელობა. ოპოზიცია არის, თუ არ არის ძლიერად, ეს გამოხატულია პირველ რიგში ხალხის რაოდენობით. რესურსი აქვთ ნული. აქედან გამომდინარე, მათი საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე არის ფუჭი, როგორც იყო 4 წლის წინ. ოთხი წლის წინ ისინი იმუქრებოდნენ, ჰპირდებოდნენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები. ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ახლა სათავეში უდგას ამ ოთხ პოლიტიკურ პარტიას, საკუთარ მხარდამჭერებს ატყუებდა, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ჩატარდა არა რიგგარეშე, არამედ რიგიანი არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში. ასეთივე მორიგი სტანდარტული არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ანუ ცნობილია უკვე მომდევნო არჩევნების თარიღი, 4 წელიწადში იქნება არჩევნები. ყველას ვურჩევდი, აქედანვე დაიწყონ მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მანამდე, დაახლოებით 10 თვეში არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საბოლოო ჯამში ისეთ რამეს გაუკეთებენ საკუთარ თავს, რომ იქაც სრულ ფიასკოს განიცდიან, რაც კარგია. ჩვენთვის, როგორც მმართველი პარტიისთვის, ეს კარგია, არა მარტო სუბიექტურად, არამედ ქვეყნისთვის არის კარგი, რომ სუსტდება ეს რადიკალური ოპოზიცია.  რაც ნაკლებ მანდატს მიიღებენ საკრებულოებში მომავალ წელს, მით უკეთესი. რაც ნაკლებ მანდატს მიიღებენ შემდეგ უკვე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მით უკეთესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში