სასამართლომ ფსიქოტროპული პრეპარატების უნებართვოდ რეალიზაციისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ოთხი ფიზიკური პირი და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

19 დეკემბერი 2024, 13:04 244 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უნებართვოდ რეალიზაციის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ოთხი ფიზიკური პირი და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა,  რომ ბრალდებულებმა აფთიაქიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონოდ რეალიზაციით მილიონ ლარზე მეტი ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს. უკანონო თანხებით ქონება შეიძინეს, რომელიც სხვადასხვა პირებზე გააფორმეს, რითაც  მისი წარმოშობის წყარო შენიღბეს, თუმცა თავად ფლობდნენ და განაგებდნენ აღნიშნულ ქონებას.
 
"ფიზიკურ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩდენილი ჯგუფურად) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხოლო იურიდიულ პირს 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) წარედგინათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. ორ ფიზიკურ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10-10 წლით, ხოლო ორს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  ასევე მათ ჩამოერთვა უკანონო საქმიანობით მიღებული თანხებით შეძენილი ქონება. რაც შეეხება იურიდიულ პირს, სასამართლომ მას სასჯელად ჯარიმა დაუნიშნა და საქმიანობის უფლება ჩამოართვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში