კონსერვატორია მიმართვას ავრცელებს

13 დეკემბერი 2024, 19:46 325 ნახვა

„ძვირფასო კონსერვატორიის გულშემატკივრებო, ვხედავთ საზოგადოების დიდ გულისტკივილს ჩვენი უძვირფასესი სტუდენტის, ნიჭიერი პიანისტის, ანრი კაკაბაძის დაპატიმრების გამო.

გაგიზიარებთ კონსერვატორიის პოზიციას:

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონსერვატორიის მთლიანი კოლექტივი - სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია, გაერთიანებულია ანრის დასახმარებლად. გვაქვს კომუნიკაცია ანრის ოჯახთან და აქტიური თანამშრომლობა მის ადვოკატთან, რომლის რეკომენდაციითაც მომზადდა მხარდასაჭერი წერილი, რომელსაც ხელი მოაწერა ანრის ყველა გულშემატკივარმა - პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და, რაც მთავარია, ანრის მეგობრებმა, - კონსერვატორიის სტუდენტებმა. წერილი დათქმულ ვადაში გაიგზავნა და ჩაბარდება გენ პროკურორს.

დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის და იმედი გვაქვს საუკეთესო შედეგის!”, - ნათქვამია კონსერვატორიის განცხადებაში.

ბათუმში ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით პატიმრობა შეუფარდეს დეკანს და 4 სტუდენტს. ერთ-ერთი დაკავებული 21 წლის ანრი კაკაბაძეა, რომელიც არის თბილისის კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი, პიანისტი.

გუშინ და დღეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კონსერვატორიის რექტორს გიორგი ვაჩნაძეს 24 საათიანი ვადა მისცეს, რათა მას მკაფიო განცხადება გაეკეთებინა და გამიჯვნოდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. ასევე, აქციის მონაწილეები მასთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

აქციაზე სამი მთავარი მოთხოვნა დასახელდა:

1. გათავისუფლდეს კონსერვატორიის სტუდენტი ანრი კაკაბაძე;

2. კონსერვატორიის რექტორმა გიორგი ვაჩნაძემ გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ ემიჯნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე;

3. გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებისას დაკავებული მოქალაქეები

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში