დაკავებული დეკანის და სტუდენტების მხარდამჭერი აქცია ხელოვნების უნივერსიტეტში

10 დეკემბერი 2024, 14:19 371 ნახვა

პროკურატურამ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორსა და 4  სტუდენტს  ბრალი  ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგინა. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს. ბათუმის ხელოვნების  უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების  ნაწილი დაკავებული პროფესორისა და ოთხი სტუდენტების გათავისუფლებას ითხოვს.

სოლიდარობის აქცია სასწავლებლის ფოეში გაიმართა. მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მამუკა ჯორბენაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე, ანრი კაკაბაძე და გურამ მიქელაძე უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.

მათი განცხადებით, 3 დეკემბერს მომხდარ ინციდენტი თავდაპირველად სასწავლებელში   საპროტესტო ბანერის ჩამოხევის გამო  სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ლექტორს, თეა ცაგურიას შორის დაიწყო, რა დროსაც სტუდენტები  მამუკა ჯორბენაძემ დაიცვა.

ამ ფაქტის  თვითმხილველების ინფორმაციით,  ინციდენტიდან რამდენიმე წუთში სასწავლებელში მოვიდა ცაგურიას მეუღლე, ბათუმის მერიის თანამშრომელი ირაკლი დევაძე თანმხლებ პირთან ერთად და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება დაკავებულებსა და ირაკლი დევაძეს შორის.  ამ დროისთვის თეა ცაგურია უნივერსიტეტში არ იმყოფება. ის ზარებს არ პასუხობს. უნივერსიტეტის რექტორი კი კომენტარს არ აკეთებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში