მოწოდება არ გამიკეთებია არავის მიმართ, არც დიდების, არც ბებიების, არც ბაბუების, არც ზრდასრული ადამიანებისთვის და ახლა ბავშვებისთვის რატომ უნდა გამეკეთებინა მოწოდება - პრეზიდენტი

06 დეკემბერი 2024, 00:26 285 ნახვა

მოწოდება არ გამიკეთებია არავის მიმართ, არც დიდების, არც ბებიების, არც ბაბუების, არც ზრდასრული ადამიანებისთვის და ახლა ბავშვებისთვის რატომ უნდა გამეკეთებინა მოწოდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. 

წამყვანმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, რომ პრეზიდენტის მხრიდან „კეთდება მოწოდებები კონკრეტული უწყებების მისამართითაც, მათ შორის სასწავლო დაწესებულებების მისამართით და იყო განცხადება, რომ უნივერსიტეტების შემდეგ სკოლებიო“, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის დეზინფორმაცია.

„არა, არა, ამაზე გაგაჩერებთ. ეს არის წარმოუდგენელი, დეზინფორმაცია და პროპაგანდა, არ გვინდა. მე ნუ მიბრუნებთ, რას ვამბობ, წარმოუდგენელია. არანაირი მოწოდება. იყო ინგლისურად, ჯერ ერთი და მოწოდებები საქართველოში ინგლისურად არ კეთდება სოციალურ ქსელში, რომელიც არის უცხოელებისთვის. ეს არის აღწერა იმისა, რომ სკოლებშიც დაიწყო იგივე. და ახლა ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ მე ვარ დედა და ბებია და შემიძლია, მოვუწოდო სკოლის ბავშვებს, რომ გამოვიდნენ, გაოგნებული ვარ, რომ შეიძლება ვიღაცას საპატრიარქოში, იმას სჯეროდეს, რომ მე შეიძლება, ასეთი მოწოდება გავაკეთო. მოწოდება არ გამიკეთებია არავის მიმართ, არც დიდების, არც ბებიების, არც ბაბუების, არც ზრდასრული ადამიანებისთვის და ახლა ბავშვებისთვის რატომ უნდა გამეკეთებინა მოწოდება. მე იქ ვწერ, რაც არის, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში, რადგან ვიცი, რომ ჩემი პოსტები იკითხება და ამითი ვავრცელებ იმ ინფორმაციას, რაც სამწუხაროდ არ ვრცელდება სხვანაირად. ის არ იყო მოწოდება და ტყუილად ნუ მოეკიდებით რაღაც სისულელეს. ფაქტი არის, მე ვნახე ფაქტი, სურათები, სადაც მოსწავლეები გამოდიოდნენ ძალიან საინტერესო პლაკატებით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, სწორია თუ არა არასრულწლოვნების ჩართვა საპროტესტო აქციებში, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არავინ ჩაურთავს.

„მე ხომ არავინ ჩამირთავს. გეტყვით, ვინ ჩართო ეს ბავშვები და ახალგაზრდები ამ მოძრაობაში, ვინც წაიყვანა რუსეთისკენ, რადგან მარო მაყაშვილზე რომ ვლაპარაკობთ, ვინ იყო მარო მაყაშვილი? გამახსნეთ. ეს იყვნენ იმდროინდელი ახალგაზრდები, რომლებმაც ვერ აიტანეს, რომ რუსეთი შემოდიოდა დასაპყრობად და ეს დარჩება, რაც გინდათ ის თქვით. მე არავინ არ გამომიწვევია და არავისთვის მოწოდება არ გამიკეთებია და ცხოვრებაში არ გავაკეთებ, რადგან თუ ერთი რამის მჯერა ყველაზე მეტად, ეს არის ადამიანის თავისუფლების. ყველას აქვს თავისი გზა, თავისი არჩევანი და ბოლოს და ბოლოს, როცა ის დრო მოდის თავის სინდისთან მარტო რჩება. ამიტომ არავის არა აქვს უფლება, რომ ვინმეს მოუწოდოს.

თუ მოწოდებაზე გადავალთ, აბა ახლა ვთქვათ, ვინ მოუწოდა ჩვენს სპორტსმენებს, რომ შემოსულიყვნენ პოლიტიკაში. ჩვენ რომ ვიყავით გაერთიანებული მთელი ერი ფეხბურთის დროს, ასეთი ბედნიერი მომენტი ბოლო წლებში საქართველოსთვის არ ყოფილა, როგორც ევროფეხბურთის შესვლა საქართველოსი და ვინ ჩართო ეს ხალხი პოლიტიკაში? ვინ მოუწოდა? ან ჩვენი ოლიმპიელები ვინ შემოიყვანა პარლამენტში, ან რა ესაქმებათ პარლამენტში, ეს არ არის ერის დაყოფა?

სპორტსმენებს შეუძლიათ, პოლიტიკურ პროცესებში იყვნენ, მაგრამ არ უნდა ჩართო. არ უნდა დაყო. მთელი ეს ისტორია იმას აჩვენებს, რომ საქართველო არის ძლიერი, როცა არის გაერთიანებული და თუ ჩვენ გვქონდა და გვაქვს დაპირისპირება, პოლარიზაცია, რომელიც მხოლოდ საქართველოსი არ არის, მთელ მსოფლიოს მოედო ეს პოლარიზაცია, მაგრამ ჩვენ გვქონდა ის ბედნიერება, რომ ორ მომენტში, ფეხბურთზე და ოლიმპიადაზე, მართლაც, ვიყავით გაერთიანებული და არავის არ ჰქონდა უფლება, რომ ეს დაეშალა. ვიდრე ჩვენ ერთად დავდიოდით გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში და ქართული დროშა ყველას ეჭირა, მე სადაც ვიყავი, არავინ არ კითხულობდა ეს ოცნებისტია თუ ოპოზიციაა, თუ ვინ არის. ეს დაშალა საარჩევნოდ ოცნებამ. სხვა არავინ, სხვა არავის არ გამოუყენებია პოლიტიკურად ეს ადამიანები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში