მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც გინდა, სკოლის ბავშვები მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ ამორალურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი.
„ესენი არიან ამორალური ადამიანები. წინასწარ ხომ იციან, რომ მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც ბავშვს რთავ პოლიტიკაში, როცა ბავშვი მიგყავს ძალადობრივ მიტინგზე, სკოლის ბავშვები გინდა, რომ მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ არის ამორალური.თუმცა ამ ქალბატონს, როგორც გაირკვა, არასდროს, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი, არავითარი თვალსაზრისით და დღესაც ავლენს საკუთარ ამორალურობას. მადლობა ღმერთს, რომ პრეზიდენტის პოსტზე, ფორმალურად, მაგრამ როგორც არის, მას ზუსტად ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი როცა აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია, იცის, რომ 72 წლის ქალბატონის დაჭერა შეიძლება, არავის მოუნდეს.
"ამ ქალბატონს აქვს მძიმე ემოციური ფონი და შესაბამისად, უკვე წითელ ხაზებს ვეღარ ინარჩუნებს, ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის და კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა. სისხლის სამართლის დანაშაულიც კი არის მოსამართლეზე ზეწოლა, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად. მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციაც კი არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია, უბრალოდ ამ ადამიანმა იცის, რომ 72 წლის ქალბატონის დაჭერა შეიძლება არავის მოუნდეს, ამიტომ ყველა წითელ ზღვარს გადადის, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.