ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, რა ტიპის ტექნიკურ მისიასთან გვაქვს საქმე, უცნობია მათი მანდატი, არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია - გიორგი კალანდარიშვილი

25 ნოემბერი 2024, 16:07 101 ნახვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნებისმიერ ეტაპზე ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და ზუსტად ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მათ ჰქონდათ ინფორმაციის მიმოცვლის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკო ყოველთვის უწყობდა ხელს ინკლუზიურ პროცესს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, რა ტიპის ტექნიკურ მისიასთან გვაქვს საქმე, უცნობია მათი მანდატი, მათი შესწავლის ობიექტი და ა.შ. ამ ეტაპზე მოკლებული ვარ შესაძლებლობას, დავადასტურო ან უარვყო. ჩვენ ყველა კანონისმიერ ფარგლებში, ეს იქნება ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, როგორც აქამდე, ასევე გავაგრძელებთ, რათა ყველა ჩართულ მხარეს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სადაც კი შეიძლება, რომ ასეთი ტიპის ობიექტურობის წინაპირობა შეიქმნას, ჩვენ ვიქნებით ჩართულები. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, რა იქნება მანდატი, რას მოიცავს ეს ყველაფერი და ა.შ. ბუნებრივია, წინსწრებით რაიმე ტიპის შეფასების გაკეთება არ იქნება სწორი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, არ არსებობს მტკიცებულებები იმ პირებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნების ფარულობის პრინციპი დაირღვა.

„როდესაც ვსაუბრობთ ფარულობასთან მიმართებაში, უნდა აღინიშნოს, რომ სამგზის ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის და სხვადასხვა დონეზე კომისიების, არამედ უკვე საუბნოსთან, შემდგომ საოლქოსთან და ცენტრალურთან მიმართებაში, სადაც ცალსახად დადგინდა, რომ ფარულობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, უკანა გვერდზე გამოჟონვა არ ნიშნავს, რომ დაირღვა ფარულობა, დაირღვა ამომრჩევლის არჩევანი, რადგან აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომელიც ინსტიტუციამ უზრუნველყო, რათა არ ყოფილიყო არცერთი ისეთი შემთხვევა, სადაც ფარულობის დარღვევას ექნებოდა ადგილი. კანონმდებლობით, პრეზიდენტის არჩევნების გარდა, ამომრჩევლისა და ბიულეტენის ბმა არ არის უზრუნველყოფილი, რაც იმთავითვე უზრუნველყოფს იმას, რომ პირის არჩევანი არ არის იდენტიფიცირებადი კონკრეტულ ამომრჩეველთან. ამასთანავე არ არსებობს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადმე ფარულობის პრინციპი დაირღვა. თუ სადმე დაირღვა, კანონით შესაბამისი ზომები იქნებოდა. არცერთ შემთხვევაში უკანა მხარეს გამოჟონვის კვალი, მარკერის კვალი იგივე, მისი არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ პირის არჩევანი იყო იდენტიფიცირებადი, გარჩევადი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

კალანდარიშვილის განმარტებით, როდესაც ისმის ბრალდებები, ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მტკიცებულება.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის, NDI-ს, IRI-ს, NMO-ს წინასწარ შეფასებებში ხაზგასმით წერია, რომ არჩევნების ადმინისტრირების ხარისხი იყო მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებული.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი. შესაბამისად, პარლამენტის მიერ აღნიშნული თარიღის განსაზღვრისთანავე ინსტიტუცია უზრუნველყოფს მის ადმინისტრირებას, ამისთვის პარლამენტის პირველი სხდომიდან 45 დღის ვადაში აქვს ვალდებულება, რომ დანიშნოს ეს არჩევნები. ცესკო უზრუნველვყოფს მის ადმინისტრირებას.

მისი თქმით, აღნიშნული არჩევნები ტარდება ტრადიციული წესით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში