ოპოზიციას თუ სურს უარი თქვას მანდატებზე, ახლა უკვე შეუძლიათ შესაბამისი განცხადება დაწერონ - მამუკა მდინარაძე

25 ნოემბერი 2024, 16:09 101 ნახვა

მთავარია, რომ ყველაფერი წესით და რიგით მიდიოდეს. მთავარია, რომ პრობლემა არ შეექმნას ინსტიტუტების მუშაობას. არათუ პრობლემა, ხარვეზიც კი არ არის არანაირი არცერთი ინსტიტუტის მუშაობაში. შედგა მე-11 მოწვევის პარლამენტი, უფლებამოსილება ცნობილია ყველა დეპუტატის - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, თუ ოპოზიციას სურს უარი თქვას მანდატებზე, ახლა უკვე შეუძლიათ შესაბამისი განცხადება დაწერონ.

"რაც შეეხება ოპონენტებს, მობრძანდნენ, მიიღონ მონაწილეობა ან განცხადებები დაწერონ. ახლაა ის დრო, როცა განცხადებების დაწერას შესაბამისი შედეგი შეიძლება, მოჰყვეს. ვინმე ხომ არ გამოჩენილა, ხომ არ იცით, რომ ვინმე გამოჩნდა და განცხადება დაწერა, მანდატი დატოვა? ასეთი არავინ გამოჩენილა. შეიძლება, კარგა ხანს არავინ გამოჩნდეს, დააკვირდეს. შსს-ში რომ შეიტანო განცხადება ჯანდაცვის სფეროდან რაღაც დაფინანსების მიღებაზე ან თხოვნაზე, თან ზუსტად რომ იცი, იქიდან ვერ დაგაფინანსებენ, ასეთი განცხადებები დაწერეს უდროო დროს. ამ განცხადებებს ასეთი ხარისხის იურიდიული ძალაც კი არ აქვს. ვინმეს რაიმე განცხადების დაწერა თუ უნდა, მოვიდეს, ახლა დაწეროს და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის მოგონილი ტყუილების არავის სჯერა, ამიტომაც პარლამენტის შენობის გარეთ მხოლოდ პარტიული აქტივი დგას.

"ვინც ქმნის თავისუფალ ქვეყანას, ის საზოგადოება, რომელიც არის ქართული, უბრალოდ ქართული კი არა, თავისი არსითაც ქართული ეს საზოგადოება იმარჯვებს დღეს. ამ საზოგადოებამ გაიმარჯვა კიდევ ერთხელ დღეს, რომელი საზოგადოებაც გაპროტესტებასაც არ ერიდება თუ რამე გასაპროტესტებელია, რომელი საზოგადოებაც ტყუილებს არ ექვემდებარება და არ იჯერებს იმ პირწმინდა სისულელეს აქ ჟურნალისტებიც, რომ ვერ ბედავენ შემოსვლას ამ თემაში, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა. ამაზე სერიოზულად თუ ვინმეს წამოსცდება, მაინტერესებს მასთან პოლემიკა, არც ერთხელ არ შემოვიდა არც ერთი ამ პოლემიკაში.

შესაბამისად, ამის გაგრძელება, ამ ლიბერალური ფაშიზმის, ამ ტყუილების ანუ გაბედვა უნდა ამას, ამას სჭირდება თავხედობის ხარისხი, შუბლზე ძარღვის გაწყვეტა კი არ სჭირდება, შუბლზე ძარღვის არქონა სჭირდება ასეთი თავხედობების მტკიცებას.

შესაბამისად, ქართველი ხალხი რატომ არ დგას დღეს გარეთ, რატომ არიან დაორგანიზებული ერთეული ადამიანები, იმიტომ არიან, რომ ასეთ რაღაცას არავინ იჯერებს. როგორც პარტიული აქტივი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში