სახალხო დამცველმა, ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, შს მინისტრს წინადადებით მიმართა

20 ნოემბერი 2024, 16:24 72 ნახვა

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 18 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება ისე უნდა წარიმართოს რომ ირკვეოდეს, იმ დაკავებულ პირთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც არ მოუთავსებიათ დროებითი მოთავსების იზოლატორებში.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განიხილა ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით არ დგინდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის დაკავებულ პირთა რაოდენობა (ვინაიდან ყველა დაკავებული პირი არ თავსდება დროებითი მოთავსების იზოლატორში). რაოდენობრივი მონაცემების გარეშე კი რთულია, როგორც დაკავების ასევე, დაკავების ვადის საჭიროების გარეშე გახანგრძლივების პრობლემების მასშტაბების შეფასება.

საქართველოს სახალხო დამცველი ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე წლებია მიუთითებს საპარლამენტო ანგარიშებში და აღნიშნავს, რომ დაკავებების მავნე პრაქტიკა სხვადასხვა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ გამოიყენება.

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადებით მიმართა: აწარმოოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემები (მათ შორის 166-ე და 173-ე მუხლის დარღვევის ჩამდენ პირთა დაკავების ფაქტების ამსახველი სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემები); ამავე დროს, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება ისე უნდა წარიმართოს, რომ ირკვეოდეს იმ დაკავებულ პირთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც არ მოუთავსებიათ დროებითი მოთავსების იზოლატორებში;

დამუშავებული ინფორმაცია/სტატისტიკური მონაცემები კვარტალურად გამოქვეყნდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში