მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მოგვანიჭა უდიდესი პასუხისმგებლობაა - დავით გაბაიძე

30 ოქტომბერი 2024, 17:04 405 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ პროცესი წარიმართა თავისუფალ და სამართლიან გარემოში.

„ეს არჩევნები გამორჩეული იყო ბევრი მიმართულებით: საქართველოში პირველად ჩატარდა ელექტრონული არჩევნები, მოქალაქეთა აქტივობა იყო მაღალი, პროცესი წარიმართა სამართლიან და თავისუფალ გარემოში, იყო უპრეცედენტოდ ბევრი დამკვირვებელი და მედიაორგანიზაცია. როგორც გავლენიანმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა ანგარიშების წარდგენისას აღნიშნეს, საარჩევნო პროცესი იყო მაღალორგანიზებული და საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი ხარვეზებისა და დარღვევების გარეშე ჩაირა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა - სახელმწიფომ და საზოგადოებამ მნიშვნელოვანი ტესტი წარმატებით ჩააბარა“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ამ პროცესში, ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საზოგადოებამ, რომელმაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინა, გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება - მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა ქვეყნის ღირსეულ მომავალს.

"მადლობა თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვინც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა თავისი პოზიცია. მადლობა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა - ღირსებას, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას, მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მოგვანიჭა არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მე როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელი, ყველაფერს გავაკეთებ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, - აღნიშნულია დავით გაბაიძის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი