არჩევნები ჩატარდა სუფთად, სამართლიანად, ამის გამოხატულებაა ცესკო-ს მხრიდან ღიაობაც, მადლობა პროკურატურას, რომელმაც მყისიერი რეაგირება მოახდინა ცესკო-ს მიმართვაზე - პრემიერი

30 ოქტომბერი 2024, 14:41 144 ნახვა

არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული, სუფთა და აქედან გამომდინარე, არავითარი პრობლემა პროცესების ღიაობასთან დაკავშირებით არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად ჩვენს ქვეყანაში და ამის გამოხატულებაა ეს ღიაობაც, რომელიც დაფიქსირდა ცესკო-ს მხრიდან. ასევე, მადლობა პროკურატურას, რომელმაც მყისიერი რეაგირება მოახდინა ცესკო-ს მიმართვაზე. აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ღია, ყველას შეუძლია, ჩაიხედოს ყველაფერში.

 

არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული, სუფთა და აქედან გამომდინარე, არავითარი პრობლემა პროცესების ღიაობასთან დაკავშირებით არ არსებობს. ყველას შეუძლია, გადაამოწმოს ყველაფერი. ჩვენ შეგვიძლია, გავითვალისწინოთ დასავლელი პოლიტიკოსების მოწოდებები, მათ შორის იყო ბორელის მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით, რომ შესაბამის უწყებებს გამოეძიებინათ ყველა შესაბამისი სამართალდარღვევა და ამ კუთხითაც ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა კიდევ ერთხელ ცესკოს და პროკურატურას ამ ყველაფრის გათვალისწინებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მათ ახლა პროკურატურაში მისვლა და მტკიცებულებების წარდგენა მოუწევთ.

„თუ არ მივლენ, ეს იქნება მტკიცებულება, რომ ისინი ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით. ერთი საინტერესო დეტალია, რაც უკავშირდება სალომე ზურაბიშვილს, მის დაბარებაზეა საუბარი, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. საქართველოში მოქმედებს საპარლამენტო მმართველობის სისტემა, სადაც კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს არ შეუძლია, ეკავოს პარტიული თანამდებობა და ის უნდა იყოს ზეპარტიული, ანუ არ შეიძლება, ის ერთვებოდეს საარჩევნო კამპანიაში რომელიმე პარტიის ან პარტიების სასარგებლოდ.

სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს, რაც ასახულია ეუთო/ოდირის დასკვნაში და არჩევნების დელეგიტიმაციის კამპანიას სათავეში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი – ის ადამიანი, რომელიც თავად უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. ასეთ კამპანიას ხომ ვერანაირი ფასი და ვერავითარი დატვირთვა ვერ ექნება. კეთილი ინებოს, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის უწყებებში, ნუ საუბრობენ ზეპირად ისეთ რამესთან დაკავშირებით, რაც ბუნებაში არ მომხდარა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა.

სალომე ზურაბიშვილი მართალია, სულით და გულით არის „ენჯეოშნიკი“ თუ „ენჯეოშნიცა“, მაგრამ თანამდებობით არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. მას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა. მას არ აქვს უფლება, ისაუბროს ზეპირად. თუ რაიმეზე აქვს ფაქტი, ეს ფაქტი უნდა წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოში, თუმცა დარწმუნებული ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ არ აქვს არავითარი ფაქტი, ის ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას და ვერ მისცემს ვერავითარ ინფორმაციას პროკურატურას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ზეპირად აჟღერებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი