საქართველოს მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება - ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი 2024, 11:42 211 ნახვა

განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„მადლობას ვუხდი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ბატონ ვიქტორ ორბანს, საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ის წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად იმყოფება საქართველოში და მისი ვიზიტი ისევე, როგორც ზოგადად, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. ეს თანამშრომლობა, პარტნიორობა, მეგობრობა ეფუძნება ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გაღრმავებას.

 

განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში.

 

ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე და უნგრეთმა განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას და ამისათვის მე პირადად ბატონ ვიქტორ ორბანს, ისევე როგორც მთლიანად ჩვენს უნგრელ მეგობრებს, უნგრეთის ხელისუფლებას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, მომავალშიც გვაქვს მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უნგრელ მეგობრებს, პირადად ბატონ ვიქტორ ორბანს ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო უნგრეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას, ასევე ისაუბრა შავი ზღვის ელექტროგადამცემ პროექტზე და აღნიშნა, რომ ერთობლივი პროექტების განხორციელებას მომავალშიც დიდი ყურადღება დაეთმობა.

"მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება უნგრეთთან, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივად ინვესტიციების განხორციელებას, როგორც უნგრეთში, ისე საქართველოში. ამ მიმართულებით, მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა.

ასევე, განსაკუთრებული პრიორიტეტია თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, განვითარებას და მოხარულები ვართ, რომ აქაც გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და მომავალშიც ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

იცით, რომ ერთობლივად ვმუშაობთ პროექტებზე და აღსანიშნავია შავი ზღვის ელექტროგადამცემი, ინტერნეტის გადამცემი კაბელის პროექტი, სადაც ერთად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნები, სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა. ჩვენ, შეხვედრის დროს, საუბარი გვქონდა თანამშრომლობის ყველა ასპექტზე. კმაყოფილები ვართ დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი მოცემულობით, თუმცა არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ რესურსის მაქსიმალურად ასათვისებლად.

კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულების, მისი მხარდაჭერის ძალიან კარგი გამოხატულება. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას, იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება და დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები“,- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი