განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, ქვეყნის მასშტაბით შექმნილ იყო 3 111 უბანი, აქედან 3100-ზე მეტ უბანზე იყო სრული სიმშვიდე - პრემიერი

28 ოქტომბერი 2024, 11:35 267 ნახვა
 

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი როლი იყო განსაკუთრებული.

„ბატონ ვახტანგ გომელაურს განსაკუთრებული მადლობა. უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა არჩევნები ჩვენს ქვეყანაში და თვითონ არჩევნების დღეც თვისებრივად წარიმართებოდა მშვიდად. ქვეყნის მასშტაბით სულ შექმნილ იყო 3 111 უბანი, აქედან 3100-ზე მეტ უბანზე იყო სრული სიმშვიდე. იყო რამდენიმე უბანი, სადაც იყო კოორდინირებული პროვოკაციები, თუმცა საბოლოო ჯამში აქაც იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმოქმედეს სამართალდამცავმა უწყებებმა და მოხერხდა თვისებრივად მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარება, არჩევნების დღის ჩათვლით.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს. რა თქმა უნდა, მათი როლიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას განსაკუთრებული მადლობა არჩევნების ჯეროვნად ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ცესკოს ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ასევე განსაკუთრებული მადლობა. პირველად ჩატარდა არჩევნები ელექტრონული სისტემის გამოყენებით.

ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა რეგისტრაცია გაიარა ელექტრონული წესით, ხმა მისცა ელექტრონულად და მათი ხმებიც დათვლილი იქნა ელექტრონული წესით. განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებოდა ამ ტექნოლოგიების სათანადოდ დანერგვას და ამ ამოცანას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ისევე როგორც სხვა ამოცანებს, სრულფასოვნად გაართვა თავი. შესაბამისად, ცესკოს და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას ეკუთვნის ჩვენგან განსაკუთრებული მადლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი