მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს - ენტონი ბლინკენი

28 ოქტომბერი 2024, 10:15 264 ნახვა

ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების არამიზნობრივი გამოყენებით, ხმების მოსყიდვით და ამომრჩეველთა დაშინებით, რამაც ხელი შეუწყო არათანაბარი პირობების შექმნას და ძირი გამოუთხარა საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობას სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ ანგარიშებს.

საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ შედეგი თავისუფალი და სამართლიანი იყო.

ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ.

სამომავლოდ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ერთად გადაჭრან საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზები. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციაშია ჩადებული, მოითხოვს, რომ მთავრობამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წევრების უფლებებს და ყველა ქართველი მოქალაქის ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი