უცნობი პირები ამომრჩევლებს, მუქარითა და დაშინებით, პირადობის მოწმობებს ართმევენ, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოძიება დაიწყონ - ომბუდსმენი

18 ოქტომბერი 2024, 14:18 185 ნახვა
 

არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, მათ შორის მოტყუებით, ძალადობით თუ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ამომრჩევლებისათვის პირადობის მოწმობის მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება.

ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების შესაბამისად, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების საფუძველზე დაიწყონ გამოძიება.

„უკანასკნელ დღეებში მედიით, სოციალურ ქსელებით, ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ უცნობი პირები ამომრჩევლებს, მუქარით, დაშინებით, ძალადობით ან/და სხვა უკანონო გზებით ართმევენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებს.

საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, მათ შორის მოტყუებით, ძალადობით თუ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების შესაბამისად, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების საფუძველზე დაიწყონ გამოძიება. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატავს მზაობას, მანდატის ფარგლებში, დაეხმაროს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ასეთი ფორმით ჩამოართვეს საქართველოს პირადობის მოწმობა. მსგავს შემთხვევებში გთხოვთ მოგვმართოთ აპარატის ცხელ ხაზზე - 1481”- ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი