ლუბლიანას ქუჩაზე თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

17 ოქტომბერი 2024, 17:12 269 ნახვა
 

თბილისში ლუბლიანას ქუჩა N70-ში თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ.  

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11-სართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო. კლინიკა ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, პლეტიზმოგრაფის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელსაც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურება.

უწყების ცნობით, სამომავლოდ იგეგმება უახლესი მაგნიტო-რეზონანსული ტექნიკით აღჭურვაც. ახალი ინფექციური საავადმყოფო 83 საწოლზეა გათვლილი. ახალ შენობაში კლინიკას გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილება დაემატა. პაციენტებს ადგილზე ყველა საჭირო-სავალდებულო კვლევების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. საერთო ჯამში, კლინიკაში 352 თანამშრომელია დასაქმებული. კლინიკას სახელწოდება 2024 წელს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების შემდეგ შეეცვალა და მას თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სახელი მიენიჭა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო 1953 წელს დაარსდა. 1989 წელს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიქმნა შიდსის განყოფილება, რომლის ხელმძღვანელადაც თენგიზ ცერცვაძე დაინიშნა. 2001 წელს კლინიკას ეწოდა „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“, რომლის გენერალურ დირექტორად გახდა თენგიზ ცერცვაძე. დაწესებულებას იგი სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში