აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ბანერი არის უხეშად მანიპულაციური და არ წარმოაჩენს სიმართლეს ისე, როგორც ეს მოხდა - პრემიერი

02 ოქტომბერი 2024, 16:32 276 ნახვა

აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ბანერი არის უხეშად მანიპულაციური და არ წარმოაჩენს სიმართლეს ისე, როგორც ეს მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოში აშშ-ის ელჩს მიმართა, „კარგად ჩაუღრმავდეს მანიპულაციას, რომელიც განახორციელეს საელჩოს თანამშრომლებმა, რადგან საქმე ეხება არა 1,8, არამედ 2,5 პროცენტს“.

„1,8 პროცენტი არის 35 ათასზე მეტი ხმა. არ შეიძლება, საელჩოს ბანერზე მანიპულაცია იყოს მოცემული. როცა ამბობ, 1,8 პროცენტი, რა მოხდა, 1,8 პროცენტი არ იყო მაშინ. როდესაც საბოლოო ჯამში დაიდო იმ ოქმების მონაცემები, ის არ იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით – ცდომილება იყო არა 1,8, არამედ, თუ არ ვცდები, იყო 2,5. შესაბამის ოქმებს თუ დაადარებდით, „ქართული ოცნების“ შედეგის ცდომილება იყო არა 1,8, არამედ 2,5. ეს არის პირველი მანიპულაცია, რომელიც საელჩოს ბანერზეა და მინდა, ვთხოვო ელჩს, კარგად ჩაუღრმავდეს ამ მანიპულაციას, რომელიც განახორციელეს თავისი საელჩოს თანამშრომლებმა, როცა საქმე ეხება არა 1,8, არამედ 2,5 პროცენტს. 2,5 პროცენტი არის 50 ათასი ხმა. „ისფედი“ ამტკიცებდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 50 ათასი ხმა, ეს მეორე მანიპულაცია. ელჩს ვთხოვ, ყურადღებით დააკვირდეს ამ განცხადებას. ჯერ ერთი, არა 1,8, არამედ 2,5 და მეორე – არა 2,5 როგორც ასეთი, არამედ „ისფედი“ ჩვენ გვაბრალებდა და საზოგადოებას ატყუებდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 50 ათასი ხმა და ამ 50 ათასი ხმის გაყალბების საბაბით, რადიკალური ოპოზიცია გვიწყობდა რევოლუციას ამ ქვეყანაში, რასაც პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა „ენჯეოების“ და ორი ელჩის მხრიდან, რაც არ არის ნახსენები ამ ბანერზე. აქედან გამომდინარე, ეს ბანერი არის უხეშად მანიპულაციური და არ წარმოაჩენს სიმართლეს ისე, როგორც ეს მოხდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, არა აშშ და ევროკავშირი, არამედ „გლობალური ომის პარტია“ არის ის, ვინც ზემოქმედებას ახდენს ასეთ პროცესებზე და მათ, სამწუხაროდ, პრინციპული გავლენა აქვს პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე, როგორც აშშ-ის ისე ევროკავშირის მიმართულებითაც. ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ  დამშვიდდება ვითარება, საქართველოს მიმართ ინტერესიც შეეცვლებათ და მეორე ფრონტის ინტერესიც აღარ იარსებებს.

"მინდა, შეგახსენოთ ყველაფერი, რაც ხდებოდა 2022 წლიდან, რა განცხადებები კეთდებოდა NGO-ების მხრიდან და საიდან ფინანსდებიან ეს „ენჯეოები“ ხომ არ დაგავიწყდათ, ან რა განცხადებები კეთდებოდა პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც არიან შემჩნეულნი პირდაპირ კავშირებში კონკრეტულ სუბიექტებთან, ან რა განცხადებები კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან და რა კავშირებია იქაც. ხომ არ გავიწყდებათ ვინ საუბრობდა მეორე ფრონტზე, ვინ „გვაწვებოდა“, „გლობალურ ომის პარტიაზე“ ვსაუბრობ. თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ ისე, რომ ამ ყველაფერს აკოორდინირებს აშშ-ი და ევროკავშირი და ჩვენ გეუბნებით, რომ ეს არ არის აშშ-ი და ევროკავშირი, ეს არის „გლობალური ომის პარტია“. თქვენ რომ ამბობთ, რომ აშშ-ს და ევროკავშირს უნდათ მეორე ფრონტი, ან რევოლუციის მოწყობა და ა.შ. ასეთ ინტერპრეტაციას რომ აძლევთ, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი ფორმულირება, იმიტომ რომ ჩვენ ამას არ ვამბობთ, ჩვენ პირიქით ვამბობთ, რომ ეს არის არა აშშ-ი, არა ევროკავშირი, არამედ ეს არის „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც, სამწუხაროდ, აქვს პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში