ფინანსური სექტორი მდგრადია და ეკონომიკის დაკრედიტებას წარმატებით განაგრძობს - ეროვნული ბანკი

25 სექტემბერი 2024, 13:14 200 ნახვა
 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დროთა განმავლობაში გატარებული მაკროპრუდენციული და მიკროპრუდენციული პოლიტიკის შედეგად ფინანსური სექტორი მდგრადია და ეკონომიკის დაკრედიტებას წარმატებით განაგრძობს.

„გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის, გამყარებული ეროვნული ვალუტისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული საზედამხედველო ზომების ფონზე, გაუმჯობესებულია ბანკების ფინანსური მაჩვენებლები. ბანკებმა პანდემიის შოკის დროს გამოთავისუფლებული ბუფერები სრულად აღადგინეს და საბანკო სექტორს საკ­მარისი რესურსი აქვს ეკონომიკის დასაკრედიტებლად. ბოლო პერიოდში სესხების ზრდის ტემპი მომატებულია და მიმდინარე ეტაპზე მის გრძელვადიან მდგრად დონეს აჭარბებს. თუმცა, ეკონომიკური ზრდის ნორმალიზების კვალდაკვალ, მოსალოდნელია, რომ საკრედიტო ზრდა მის გრძელვადიან ტრენდს დაუახლოვდება. სესხების მაღალი ზრდის მიუხედავად, ძლიერი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, სესხების მშპ-თან ფარდობა ტრენდს ქვევით ნარჩუნდება და მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, საბანკო სექტორი განაგრძობს კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას. გასულ წელს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ნეიტრალური (საბაზო) განაკვეთი ერთ პროცენტზე დააწესა, რომლის დაგროვება ბანკების მიერ ეტაპობრივად ხორციელდება. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ქვეყნის ფინანსური სისტემის სიჯანსაღეზე მიუთითებს. მდგრადია არასაბანკო სექტორიც, რომელსაც ასევე აქვს დაწესებული პრუდენციული მოთხოვნები“, - წერია კომიტეტის დასკვნაში.

ამასთან, როგორც ფინანსური სტაბილურობის კომიტეტში აღნიშნავენ, ბოლო პერიოდში არსებული პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, საქართველოს საგარეო სექტორიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკები კვლავ საყურადღებო რჩება.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის შედეგად გაზრდილი გაურკვევლობის მიუხედავად, არაფინანსური კომპანიები ზრდას სტაბილური ტემპით განაგრძობს. ამასთან, მიგრაციის ეფექტების ეტაპობრივი ამოწურვის კვალდაკვალ საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასი დასტაბილურდა და დოლარში გამოხატული ქირის ფასის შემცირებაც შეინიშნება, თუმცა ქირის ფასი მის გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს. როგორც მარეგულირებელში აცხადებენ, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად ფინანსური სექტორი მდგრადია და ეკონომიკის დაკრედიტებას 2024 წელსაც შეუფერხებლად განაგრძობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი