საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აშშ-ის ელჩის შეხვედრა

18 სექტემბერი 2024, 10:01 223 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო შეშფოთება გამოთქვა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძის თქმით,  ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი.

როგორც პრემიერმა განაცხადა, პირიქით სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში