''საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო'' - გიორგი კვირიკაშვილი

09 აპრილი 2017, 00:00 2585 ნახვა


საქართველოს პრემიერ მინისტრი ცხინვალში მიმდინარე რეფერენდუმს ეხმიანება და ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.  

''კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. ამას ადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომელსაც უპირობოდ იცავს ცივილიზებული სამყარო.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე გამოთქვეს მკაფიო პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ერთსულოვანი არიან და ცალსახად გმობენ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს.

საქართველოს უძველესი რეგიონისათვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელწოდების მინიჭებასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას ჩვენ განვიხილავთ როგორც რეგიონის უკანონო ანექსიისათვის საფუძვლის მომზადებას.

სამწუხაროდ, ასეთი პროვოკაციული მოქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ხელს უშლის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას.

მე მჯერა, რომ ჩვენ, ქართველები და ოსები, გამოვნახავთ ერთმანეთისკენ სავალ გზებს და მოვერევით ისტორიულად არარსებულ გაუცხოებას, ერთად ვიზრუნებთ ჩვენი საერთო სამშობლოს, საერთო სახელმწიფოს - საქართველოს მშენებლობისთვის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი