ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკი 100 ერთეული "EURO 5"-ის სტანდარტის მიკროავტობუსით განახლდა

29 აგვისტო 2024, 11:12 569 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკი 100 ერთეული "EURO 5"-ის სტანდარტის მიკროავტობუსით განახლდა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 62 ახალი მიკროავტობუსი ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ხელვაჩაურის მიმართულებებს და ქალაქთან დაკავშირებულ 64 სოფელს მოემსახურება. 38 ერთეული მიკროავტობუსით კი, დამატებით შეიქმნება ქალაქის 5 ახალი, საცდელი მარშრუტი, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, შემოერთებულ ტერიტორიებზე იმოძრავებს.

მათივე ცნობით, მიკროავტობუსების შეძენისათვის 12 528 100 ლარი დაიხარჯა. ახალ მიკროავტობუსებზე 250 მძღოლი დასაქმდება.

"მუნიციპალური ავტოპარკის განახლება სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების ნაწილია, რაც გულისხმობს მოქალაქის უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობას.

2018 წლიდან დღემდე ბათუმის ავტოპარკი 149 ერთეული თანამედროვე სტანდარტის ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ელექტროავტობუსია. წელსვე იგეგმება 25 ერთეული M3 კატეგორიის 12 მეტრიანი "EURO 5"-ის სტანდარტის ავტობუსის შემოყვანა.

აღნიშნული ავტობუსების მეშვეობით დამატებით შეიქმნება ახალი მარშრუტი ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. დარჩენილი რაოდენობა დაემატება მგზავრთა მაღალი ნაკადის ინტენსივობით დამახასიათებელ მარშრუტებს, ინტერვალების შესამცირებლად. შედეგად დასაქმდება 65 მძღოლი" - განმარტავენ ბათუმის მერიაში.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში