ომბუდსმენის რწმუნებულმა კლინიკა „ვივამედში“ ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოყვანილი პატიმარი მოინახულა, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა

26 აგვისტო 2024, 16:04 47 ნახვა

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ომბუდსმენის რწმუნებულმა კლინიკა „ვივამედში“ ბრალდებული მოინახულა, რომელიც სხეულზე არსებული დაზიანებებით მკურნალობას საავადმყოფოში გადის.

როგორც სახლახო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა, თუმცა, ომბუდსმენის რწმუნებული პატიმრის ოჯახის წევრებს შეხვდა.

„26 აგვისტოს სახალხო დამცველის რწმუნებული კლინიკა „ვივამედში“ იმყოფებოდა, რათა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია N2 დაწესებულებაში ბრალდებულ ნ.ბ.-ს მიერ მიღებული დაზიანებების წარმომავლობისა და მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ გადაემოწმებინა.

ამ ეტაპზე, ბრალდებულთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა. რწმუნებული შეხვდა და ესაუბრა ექიმს, თუმცა, პერსონალურ ინფორმაციას, პატიმრის თანხმობის არარსებობის გათვალისწინებით, აპარატი არ ავრცელებს. რწმუნებული შეხვდა პატიმრის ოჯახის წევრებსაც.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა N2 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სამედიცინო დოკუმენტაციას გაეცნო და მომხდარი ფაქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაესაუბრა, როგორც ბრალდებულის თანასაკნელებს, ისე დაწესებულების ადმინისტრაციას, დაათვალიერა პატიმარ ნ.ბ.-ს საკანი. უნდა აღინიშნოს, რომ საკანში სამეთვალყურეო ვიდეო კამერებია განთავსებული.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, აპარატი მიმართავს საგამოძიებო უწყებას”, - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა, მას პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, რის შემდეგაც, ბრალდებული სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში