უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები - ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2024, 13:04 390 ნახვა

უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. საქართველო არის პატარა ქვეყანა, აშშ არის ძალიან დიდი ქვეყანა მსოფლიო გავლენით, საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია ამ ურთიერთობებში, ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე ძალიან დეტალური და კონკრეტული იყო საქართველოს გზავნილები.

„მქონდა შეხვედრა სენატორთან, კონგრესმენთან, აშშ-ის საელჩო ესწრებოდა ამ შეხვედრას, ეს იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. საინტერესო დეტალია, რომ არც სენატორს, არს კონგრესმენს, არც ელჩს გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ უხსენებია. მე გულწრფელად გავუზიარე, როგორც სენატორს, ასევე კონგრესმენს, ელჩს ჩვენი იმედგაცრუება და შეშფოთება იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ახასიათებს დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ეს უნდა შეიცვალოს. გასული ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ კუთხით. მე გულწრფელად ვესაუბრე მათ, თუ რას ვგულისხმობ ამაში, რას აკეთებდა, მათ შორის ყოფილი ელჩი, რომელსაც ჰქონდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მცდელობა საქართველოში 2021 წელს, რომელიც პირდაპირ იყო იმ ჩავარდნილი რევოლუციური პროცესების თანამონაწილე, რომელიც 2022 წლის ივნისში განხორციელდა, გახსოვთ, უსამართლო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით მოჰყვა რევოლუციის მცდელობა და ამ რევოლუციის მცდელობის ფარგლებში უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე და მათ მოითხოვეს მტავრობის გადადგომა, მათი მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება. უცხოეთიდან  დაფინანსებული „ენჯეოები“ უნდა ყოფილიყვნენ მინისტრებად წარმოდგენილი. ეს არის შემაშფოთებელი და ეს არის ფაქტები, რომლებიც იძლევა შეშფოთების საფუძველს, როცა ვფიქრობთ სამომავლო განვითარებაზე.

 

რეალურად, ჩვენ ვსაუბრობდით აქამდე არსებულ პრობლემებზე. როცა ვსაუბრობთ აქამდე არსებული პრობლემებზე, ეს ასევე მიგვითითებს იმაზე, თუ რა აღარ უნდა მოხდეს მომავალში. მე გულწრფელად ვუთხარი მათ, რას ველოდებით ამერიკელი პარტნიორებისგან, რას ვგულისხმობთ შემხვედრ ნაბიჯებში. ძალიან დეტალური და კონკრეტული იყო ჩვენი გზავნილები. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. საქართველო არის პატარა ქვეყანა. აშშ არის ძალიან დიდი ქვეყანა მსოფლიო გავლენით, საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია ამ ურთიერთობებში, ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს.

 

მე დეტალურად ვუთხარი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, თუ რას ველოდებით მათგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. ველოდებით, რომ აღარ მოხდება ის, რაც ხდებოდა გასული ოთხი წლის განმავლობაში. თუ თვისებრივად შეიცვლება მიდგომები, ამ შემთხვევაში არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას. მთავარია, სამართლიანობა, სამართლიანი მიდგომა. ასეთ შემთხვევაში, ურთიერთობები გადაიტვირთება. აღინიშნა შეხვედრაზე, როგორც ჩემი მხრიდან, ასეევე ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომ ამ ურთიერთობების გადატვირთვა შედის თანაბრად, როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში