„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ზურაბიშვილი, რომ როცა საჭიროდ ჩათვლიან, სააკაშვილის შეწყალების აქტი გამოსცეს - პაპუაშვილი

06 აგვისტო 2024, 14:23 419 ნახვა
 
 

მიხეილ სააკაშვილის წყალობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი დარჩა თანამდებობაზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ის, რომ როდესაც საჭიროდ ჩათვლიან და მოამწიფებენ მდგომარეობას, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი გამოსცეს, გასაკვირი რა არის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა, სააკაშვილის შეწყალებაც არ გაუჭირდება.

"შეგახსენებთ, იყო პირდაპირი ზეწოლა და ჩარევა, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსებისა, ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატის, ვინც პირდაპირ, უხეშად ერეოდა მართლმსაჯულებაში იმით, რომ უბიძგებდა ქალბატონ სალომეს, შეეწყალებინა გვარამია. გვახსოვს, შეწყალების შემდეგ ის აღტაცებული განცხადებები, რომელიც მოდიოდა ევროკავშირის სხვადასხვა თანამდებობის პირებისგან, რომ ეს არის  დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. ვინმემ შეატყო, რომ დეპოლარიზაცია მოხდა? პირიქით, ვხედავთ უფრო აგრესიულ ოპოზიციას, რომელიც გადასულია ტერორზე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. აქაც გამოჩნდა, რომ როგორც კი ხდება უცხოური ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებასა და პოლიტიკაში, ეს მხოლოდ აზიანებს ქართულ დემოკრატიას და ქართველ ხალხს.

 

ვწუხვარ, რომ ასეთ შემთხვევებში ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელი იყო ჩარეული. გახსოვთ, ევროპარლამენტარებმა ისიც კი განაცხადეს, რომ ქართველ ხალხზე ადრე იცოდნენ, რომ გვარამიას იწყალებდა ზურაბიშვილი, რაც სამარცხვინო ფაქტია, რომ პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფი ადამიანი, უცხოელებს უთანხმებს თავის გადაწყვეტილებებს ისე, რომ ქართველმა ხალხმა არაფერი იცის, პოსტ ფაქტუმ იგებს ამის შესახებ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ არღვევს კონსტიტუციას იმით, რომ პირდაპირაა ჩართული წინასაარჩევნო აგიტაციაში.

"რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ეს არის კვლავ კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა - ის ჩართულია პირდაპირ წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა და ეს მისთვის უჩვეულო ნაბიჯი არ არის, ვინაიდან ჩვენ შეჩვეულები ვართ იმას, რომ ის, ზოგადად, უდიერად ეპყრობა საქართველოს კონსტიტუციას. მან გუშინ კვლავ განაცხადა, რომ ის აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, სიტყვა სიტყვით ეს თქვა მან და მათ შორის, ისაუბრა სხვადასხვა ინსტიტუტზე. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ამ პოზიციაზე გვყავს ადამიანი, რომელიც არ აღიარებს ჩვენს სახელმწიფოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი