მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დავა საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - რატი ბრეგაძე

30 ივლისი 2024, 11:26 410 ნახვა

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დავა საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდაც დაეკისრათ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად.

რატი ბრეგაძის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილ იქნა.

"2024 წლის 29 ივლისს პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობას და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გაუზიარა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

 

როგორც ცნობილია, აღნიშნული დავის საფუძველს წარმოადგენდა ანაკლიაში შავი ზღვის ღრმა წყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ოპერირებისა და გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.

 

კერძოდ, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება. საარბიტრაჟო მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებას და ითხოვდა დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას. არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება. ასევე, პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო ასევე მხოლოდ ინვესტორი. მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილ იქნა“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის განცხადებით,  წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელსაც ქვეყნის სამსახურში დეკლარირებულად ყოფნა სურს, მოსთხოვო საკუთარ სახელმწიფოს მისი ბიუჯეტის მეოთხედი და ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო მოსახლეობა.

"ბატონი ხაზარაძე, როგორც უკვე ცნობილია, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა 1,5 მილიარდი დოლარის გადახდას, რაც იმ დროისთვის იყო საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25% და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტი. თუ რა კატასტროფული ეკონომიკური და ფინანსური შედეგები მოჰყვებოდა ქვეყნისთვის მის გამარჯვებას, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია" - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის თქმით მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ არაერთხელ გადაუვადა მამუკა ხაზარაძეს და მის პარტნიორებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების თარიღი, მათ ვერ შეძლეს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება.

"მამუკა ხაზარაძემ თავად შეუშალა ხელი ანაკლიის პორტის მშენებლობას და ფაქტობრივად, სახელმწიფოს დააკარგვინა ოთხი წელი ანაკლიის პორტის გარეშე. ეს არის რეალობა. ეს ადამიანი დავობდა, რომ თითქოს დაჩაგრეს და იბრძოდა სამართლიანობისთვის. ამიტომ გადაიდო ამ პორტის მშენებლობა. რამდენჯერმე, ვიდრე დავას დაიწყებდა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ყველანაირად ხელს უწყობდა თავისი ვალდებულებების შესრულებაში, თავად არ ასრულებდა ამ ვალდებულებებს. შესაბამისად, თუკი მას პრეტენზია აქვს ვინმესთან პორტის არ ან ვერაშენებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ეს საკუთარ თავს და პარტნიორებს უნდა მოჰკითხოს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი