დღეს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება

26 ივლისი 2024, 10:24 544 ნახვა
დღეს საღამოს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების სპორტსმენების აღლუმი მდინარე სენაზე ჩატარდება.
 
მდინარე სენაზე აღლუმი  თბილისის დროით 21 : 30 საათზე  აუსტერლიცის ხიდთან დაიწყება. სპორტსმენები ნავებით ექვს კილომეტრს გაივლიან ტროკადერომდე, სადაც ოლიმპიადის გახსნის ფინალური შოუ ჩატარდება. პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაში საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში 28 სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის არიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები. საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშეები ოლიმპიური ტრიუმფატორები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან.
 
ქართველი ათლეტები ასპარეზობაში 27 ივლისიდან ჩაერთვებიან. ამ დღეს ოლიმპიური მედლებისთვის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი, დებიუტანტი მოცურავე ანა ნიჟარაძე და ლეგენდარული ქართველი ტყვიით მსროლელი ნინო სალუქვაძე იასპარეზებენ, რომლისთვის ეს ოლიმპიური თამაშები სარეკორდოა.
 
ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი ოლიმპიელია, რომელიც მეათე ოლიმპიადაზე იასპარეზებს. საერთო ჯამში პარიზის ოლიმპიადაზე სპორტის 44 სახეობაში მედლების 329 კომპლექტი გათამაშდება.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი