საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

17 ივლისი 2024, 14:44 372 ნახვა
 

საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტები სერვისს სრულად უფასოდ მიიღებენ.

პროგრამის მიზანი საქართველოში B ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირებაა. პროგრამის პირველ ეტაპზე პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.

პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე. პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით.

B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისთვის, რომლებსაც ამ ეტაპზე კლინიკურად არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ.

იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით პროგრამის ფარგლებში შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.

სერვისების მისაღებად მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს – პროგრამაში ჩართულია 15-მდე სამედიცინო დაწესებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, სერვისის მიმწოდებლების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.

B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები, სადაც დაწყებულია ტესტირება, იხილეთ ბმულზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი