ნინო ჩხეტიას ბრიფინგი

17 ივლისი 2024, 14:00 501 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა „გახარია საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნინო ჩხეტიას განცხადებით, „ქართული ოცნება“  რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს მანდატების მითვისებისთვის ემზადება.

როგორც უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, საპროცედურო და  იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, ცვლილება ფუნდამენტურია და არა ტექნიკური, როგორც ამას ავტორები ამბობენ. ნინო ჩხეტიას თქმით, იგი ეხება საარჩევნო კოდექსის 65-ე მუხლს,  რაც უმაღლეს საბჭოში გაუნაწილებელ მანდატებს წარმოქმნის.

აქამდე არსებული რედაქციით კი როგორც თავად განმარტავს, საარჩევნო ბარიერის მიხედვით 21-ვე მანდატი პარტიებზე სრულად ნაწილდებოდა.

„გახარია საქართველოს„ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე  ყურადღებას ამახვილებს ასევე კოდექსში დანართის  გაჩენაზე, სადაც  მაჟორიტარების ნაცვლად მუნიციპალიტეტებიდან წარდგენილი იქნებიან დელეგატები. 

ისაუბრა ასევე აჭარაში სხვა რეგიონების ამომრჩევლების გადმოწერაზე, რაც მისი თქმით, უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი