თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 8 ივლისს, 10:00 საათზე, დაიწყება. ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი კატეგორიის აპლიკანტები:
"სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);
მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები);
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;
ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი (შვილები) სარგებლობს, იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);
თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები."
„სსსმ ბავშვებისა და სამხედრო მოსამსახურეთა შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგი ელფოსტის მისამართზე: registracia2025@gmail.com. ყველა სხვა კატეგორია რეგისტრირდება ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge.
მშობელს, რომელიც ვერ ახერხებს ბავშვის რეგისტრაციას, შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს ბაღის ადმინისტრაციას.
ბავშვის რეგისტრაციის გადასამოწმებლად, მშობლები უნდა დაუკავშირდნენ კონკრეტული ბაღის ადმინისტრაციას“, - აცხადებენ სააგენტოში.