აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არქეოლოგიურ მუზეუმს ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის სახელი მიენიჭა

08 ივნისი 2024, 19:29 546 ნახვა

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე აჭარის მუზეუმის ინიციატივით არქეოლოგიურ მუზეუმს ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას აჭარის მუზეუმების გაერთიანება ავრცელებს.

"დღეს, ამირან კახიძის დაბადების დღეა. ამირან კახიძე, დაიბადა 1935 წლის 8 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა ჩხუტუნეთში (მაჭახლის ხეობა).

1994 წლიდან სათავეში ედგა ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, მის სახელთანაა დაკავშირებული ამ მეტად მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულების სტრუქტურული ორგანიზაცია, აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ეპოქის ნივთიერი კულტურის ძეგლების ფონდებში განთავსება, ექსპონატების მეცნიერული დამუშავება და კატალოგიზაცია, საექსპედიციო და საგამომცემლო საქმის ორგანიზაცია და ა.შ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, 2007 წლის დეკემბერშიამირან კახიძის კონცეფციის მიხედვით, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, რომელმაც როგორც სპეციალისტებს, ასევე, სტუმარ-დამთვალიერებელს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. ასევე შეიძლება ითქვას შემთხვევით მოპოვებული წყალქვეშა მონაპოვრების და ოქროს საგანძურის საგამოფენო დარბაზების მოწყობისა და მასთან დაკავშირებული კატალოგების გამოცემის შესახებაც. ბატონი ამირანის სახელს უკავშირდება მუზეუმში სპეციალიზირებული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შექმნა. ყურადღებას აქცევდა ფონდებში დაცული მასალის სისტემატიზაციას, მათ გრაფიკულ ჩახატვასა და ფოტოფიქსაციას. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მუზეუმში სხვადასხვა ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართვას სამუზეუმო საქმიანობაში საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით.

მისთვის მუზეუმის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად გამოყენება, სამუზეუმო მომსახურების სხვადასხვა ფორმის შეთავაზების გზით, ამიტომაც საფუძველი ჩაუყარა მუზეუმის კერამიკულ სახელოსნოს, სადაც მზადდებოდა მუზეუმში დაცული არტეფაქტების ასლები.

კულტურული ტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული საქმიანობისთვის მიენიჭა "მაგნოლია" 2023. 

ბატონ ამირან კახიძეს, ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო მინიჭებული აქვს სხვადასხვა ჯილდო. იგი 2021 წელს აჭარის მთავრობამ ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. არაერთხელ მიუღია მადლობის სიგელი სამუზეუმო საქმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მინიჭებული ჰქონდა ღირსების ორდენი და საპატიო ბათუმელის წოდება. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული არქეოლოგიის განვითარებისთვის", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში