„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში, როგორც ძირითად კანონში, ისე შრომის კოდექსში, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დაწესდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს – ოჯახურ ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან – „ოჯახურ ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტისა, რომელშიც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში.
მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს განვიხილავთ პირველი მოსმენით და მივიღებთ პირველი მოსმენით. ხოლო საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი. არის საკმარისი დრო, ვისაც სურს, იყოს მონაწილე დისკუსიისა, გახდეს ამ დისკუსიის მონაწილე.
როგორც ძირითად კანონში, ისევე როგორც შრომის კოდექსში 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, როგორც ეს 10 წელია, აღინიშნება და გამოცხადდება უქმე დღედ. მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ როგორც საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში ჩვენ ვნახეთ სრული მხარდაჭერა მოქალაქეების მხრიდან, ასევე 17 მაისს გამართულმა მასშტაბურმა აქციამ ფაქტობრივად, იყო სახალხო რეფერენდუმი ამ კანონის მხარდაჭერისა. აქედან გამომდინარე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ შეასრულოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.