"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენიდან ორი კვირის შემდეგ, ოპოზიცია და მესამე სექტორი მმართველ გუნდს კანონში გარკვეული პუნქტების ფარულად ჩამატებაში ადანაშაულებს. საუბარია ჩანაწერზე, რომელიც ფიზიკურ პირებს ეხება.
იურისტების ინფორმაციით, თუ სამინისტრო რომელიმე ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლას დაიწყებს, ამ პროცესში მას უფლება ექნება კერძო პირისგან ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოიხოვოს.
თუ მოქალაქე ამ ინფორმაციის მიწოდებაზე უარს იტყვის - დაჯარიმდება. მესამე სექტორში კანონის ამ ჩანაწერს საშიშს უწოდებენ.
ბრალდებებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონში მუხლები ფარულად ჩაამატეს, სიცრუეს უწოდებენ ''ქართული ოცნების'' წევრები.