დღეს ფრიდონობაა. ამ დღის აღნიშვნა მწერლისა და პოეტის, საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის საფლავთან, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებით დაიწყო. საფლავთან ორგანიზაცია „მწიგნობარის“ საპატიო წევრებმა, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა ფრიდონ ხალვაშის ლექსები წაიკითხეს. სასულიერო პირებმა გადაიხადეს პანაშვიდი.
წელს პირველად, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის რუსთაველის პრემიის ლაურიატის ფრიდონ ხალვაშის სტიპენდიაც დაწესდა.
კონკურსის წესით გამოვლენილი 5 სტუდენტი ერთი წლის განმვლობაში ყოველთვიურად 500 ლარს მიიღებს. ფრიდონობის აღნიშვნა ცენტრალურ პარკში ბიუსტთან გაგრძელდება, სადაც ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ცნობილ პოეტს.
სტიპენდიანტებს კი მწერლის მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში დააჯილდოვებენ.
დღესვე აღინიშნება მწერლის შვილის, ცნობილი რეჟისორის ზაზა ხალვაშის დაბადების დღე, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა.