უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა

15 მაისი 2024, 14:05 550 ნახვა

უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ. 6 დეპუტატი, მათ შორის გიორგი კირთაძე, რომელმაც, 5 თვის წინ ენმ  დატოვა და რომელიც ახლა პარტია ,,ახალშია“, უარს ამბობს საკანონმდებლო საქმიანობაზე იქამდე, ვიდრე მესამე მოსმენით დამტკიცებულ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელისუფლება უკან არ გაიწვევს.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ,  რომ   ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და დაარღვია ქვეყნის უზენაესი კანონის 78-ე მუხლი, რასაც მათი თქმით,  ბოლო დროს განვითრებული პროცესები მოწმობს. 

მიაჩნიათ, რომ ამ პირობებში  მმართველ გუნდთან დიალოგი აზრს მოკლებულია. ამიტომ მოუწოდებენ ყველას გაერთიანდნენ ეროვნული იდეის ირგვლივ.  უკვე  ცნობილია, რომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო საკრებულოებში ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა, მათ შორის ენმ-დან.  დღესვე, უკვე ბოიკოტში მყოფმა დეპუტატებმა ქვეყნის მთავარ გამზირზე დაკავებულებს, რომლებიც თითქმის ერთ თვეა ე.წ-ულ რუსულ კანონს აპროტესტებენ სოლიდარობა გამოუცხადეს, აქციაზე მდგომებს კი მადლობა გადაუხადეს.

ოპოზიციის გადაწყვეტილება არ უკვირთ მმართველ გუნდში  და გასულ წლებს,  იხსენებენ, როცა ''ქართული ოცნების'' დეპუტატების თქმით, ოპონენტები ხშირად იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში. მიაჩნიათ, რომ მათი დემარში ხელს ვერ შეუშლის საკანონმდებლო საქმიანობას, რომ ამის მიუხედავად, ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებენ მოსახლეობის პრობლემებსა და გამოწვევებზე. 

აქვე გეტყვით, რომ უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება, თუმცა სხდომებზე ოპოზიციისთვის განკუთვნილი სკამები ცარიელი იქნება.   

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში