ჩვენი სურვილია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მთავარია, დავინახოთ სათანადო, სამართლიანი, ღირსეული დამოკიდებულება - პრემიერი

13 მაისი 2024, 20:54 346 ნახვა

დელეგაციაში წარმოდგენილია ორი დეპუტატი, რომლებთან შეხვედრაც ზოგადად აზრს მოკლებული მგონია, მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, ეს გამოცდილება გვაქვს ჩვენ ამ ორ ადამიანთან მიმართებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში შედგება ვიზიტები და გაიმართება შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ასევე ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

"ხვალ პირადად, ისევე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, გვაქვს შეხვედრები ჯიმ ო’ბრაიენთან, რომელიც ამ ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფოს წარმოადგენს. ასევე, ზეგ ჩვენ გვექნება შეხვედრები ოთხ საგარეო საქმეთა მინისტრთან. აქედან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება პარტნიორების მიმართ. ჩვენი სურვილია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. მთავარია, დავინახოთ სათანადო, სამართლიანი, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორებისადმი ყოველთვის ასეთია – ყოველთვის ეფუძნება ღირსებას, სამართლიანობას, სწორ მიდგომებს. მთავარია, ასეთივე დამოკიდებულება დავინახოთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ ო'ბრაიენი ჩამოვა სამი ძირითადი თემით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები.

"მე მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო'ბრაიენი ჩამოვა ძირითადად სამი თემით. ეს არის ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი