ოთხი ევროპარლამენტარი ჯოზეფ ბორელს მიმართავს, შემუშავდეს სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს 

13 მაისი 2024, 15:18 369 ნახვა

ევროპარლამენტართა ჯგუფი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს მიმართავს და მოუწოდებს, შემუშავდეს სანქციები ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს უჭერენ მხარს.

შესაბამის წერილს ევროპარლამენტარი თიის როიტენი სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს.

„ძვირფასო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტო, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესო წარმომადგენელო, ჯოზეფ ბორელ, საქართველოში ამ დილით განვითარებული მოვლენების, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაძლო სწრაფი საბოლოო დამტკიცებისა და საქართველოს თავისუფალი, პროევროპული ხალხის მხარდაჭერის საჭიროების გათვალისწინებით, გვსურს, დაგისვათ შემდგომი სასწრაფო კითხვები: „27 მაისს დაგეგმილი საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს წინ, შესთავაზებს თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი შემზღუდავი მიზნობრივი ზომების დაწესებას ბატონი ივანიშვილის, ბატონი კობახიძის და ბატონი პაპუაშვილის წინააღმდეგ, ასევე ამგვარი ზომების ამოქმედებას საქართველოს პარლამენტის ყველა იმ წევრისთვის, ვინც ხმას აძლევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და საქართველოს პრეზიდენტის პოტენციური ვეტოს დაძლევის სასარგებლოდ? დაავალებენ თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი და სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი საგარეო ქმედებათა სამსახურს და გენერალურ დირექტორატს, შესაბამისად შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობები საქართველოს მთავრობასთან, რომლის მიზანი არ არის კანონის გაუქმება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად გადანაწილებით და ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების გახსნისგან თავშეკავებით, ვიდრე კანონი ძალაში იქნება? იღებს თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი კანონის დამტკიცების შემდგომ ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარების ვალდებულებას, რათა გამოხატოს ევროკავშირის მხრიდან გმობა და გადასცეს ზემოთ ხსენებული ზომების მიღების განზრახვა, იქნება თუ არა განხილული ევროკავშირის ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა?“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტის წევრები, თიის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი