უვიზოდ მიმოსვლის წესები

27 მარტი 2017, 00:00 2940 ნახვა

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას  დავიცვათ წესები, რომლის დარღვევის შემთხვევაში  მოქალაქის მიმართ სპეციალური სანქციები  გატარდება.

იმ შემთხვევაში თუკი თქვენ ევროპაში გამგზავრებას გადაწყვეტთ, რამდენიმე წესის დაცვა მოგეთხოვებათ. პირველი მოთხოვნაა  ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის ან შენგენის წევრ ქვეყნებში. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. 90 დაშვებული დღის გამოყენება კი  180 დღიდან შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით თქვენი სურვილის მიხედვით. ასევე შესაძლებელია  90 დღიან პერიოდში რამდენჯერმე შესვლა, თუმცა  რეკომენდებულია, ისარგებლოთ შენგენის ზონაში დასაშვები პერიოდის სპეციალური გამომთვლელით. ევროკავშირის ან შენგენის  ზონაში 90 დღე გადაბმულად ყოფნის შემთხვევაში ხელახლა გამგზავრება შესაძლებელი იქნება შენგენის ზონის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ.

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტროს 

 კონკრეტული ქვეყნის  ტერიტორიაზე შესვლისას, ნებისმიერი მოქალაქე გადის სასაზღვრო კონტროლს, რომლის შედეგად მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამის ქვეყანაში მისი შესვლის თაობაზე. ამიტომ , აუცილებელია,  თან იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენი მგზავრობის მიზანს. საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის ან შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქმება თუკი: ვერ შეძლებს მგზავრობის მიზნობრიობის ან ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურებას, საფრთხეს უქმნის ევროკავშირის/შენგენის რომელიმე წევრი ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას ან შიდა უსაფრთხოებას, ნასამართლევია ევროკავშირის ან შენგენის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, აკრძალული აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან არსებობს გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ 90 დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის ან შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება კონკრეტული  ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით.ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა სამი ათას ევრომდე . ნებადართულ პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად. სასჯელის მოხდის შემდეგ პირი დატოვებს ქვეყანას და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით; ასევე, ქვეყნიდან გაძევება-შესვლის აკრძალვა შესაძლოა მოჰყვეს ამ ქვეყნებში მუშაობას სამუშაო ნებართვის გარეშე. 

იმისთვის, რომ ყველა მითითებული რეგულაცია და წესი მოქალაქემ ზედმიწევნით დაიცვას, საქართველოს მთავრობამ უკვე შეიმუშავა სპეციალური პროგრამა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე . 90 დღის გასვლის შემდეგ აინთება წითელი სიგნალი ჩვენს სასაზღვრო სისტემაში და დაიწყება ინფორმაციის გაგზავნა ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში დამრღვევი პირების შესახებ. ამის შედეგ კი იმ ქვყანაშიც სადაც პირი იმყოფება  ქვეყნების შიდა პროცედურებით დაიწყება პიროვნებების მოძიება და მათი რეადმისიის პროცედურა. სრული და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერზე

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი