ევროპული მომავალი არის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ პარალელურად გვინდა, შევინარჩუნოთ ღირებულებები, ტრადიციები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა - ილია დარჩიაშვილი

25 აპრილი 2024, 18:20 187 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე იყო მთავარი სტუმარი ფორუმზე. ილია დარჩიაშვილის განმარტებით, ფორუმზე ისაუბრეს, რაოდენ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, გაგრძელდეს ქვეყნის სვლა ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზნისკენ, პარალელურად, ქვეყანამ შეინარჩუნოს ღირებულებები და ტრადიციები.

„ეს არის ფორუმი, პლატფორმა, სადაც იკრიბებიან კონსერვატიული ღირებულებების პოლიტიკური პარტიები, ის პოლიტიკური პარტიები, ვისთვისაც ღირებულებები, ტრადიციები არის მნიშვნელოვანი მათ პოლიტიკურ საქმიანობაში. შესაბამისად, ვფიქრობ, აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამობრძანება უნგრეთში. ის გახლდათ მთავარი სტუმარი ფორუმზე.

ის ასევე საუბრობდა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ჭრილში, რაოდენ მნიშვნელოვანია, ჩვენ თავად შევინარჩუნოთ ჩვენი ღირებულებები. ასევე, პრემიერი საუბრობდა, რაოდენ დიდია ქართული ეკლესიის როლი  ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ღირებულებები, კონსერვატიული მიდგომები იყო დღეს ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი და საქართველო შესაბამისად იყო წარმოდგენილი, პრემიერ-მინისტრი იყო მთავარი სტუმარი ამ ღონისძიების. ვისაუბრეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, გავაგრძელოთ ჩვენი საბოლოო მიზნისკენ სვლა, საქართველოს ევროპული მომავალი არის ერთი მთავარი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის, მაგრამ პარალელურად, ჩვენ გვინდა, შევინარჩუნოთ ის ღირებულებები, ტრადიციები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში გააძლიერა, გადაარჩინა და დღემდე მოგვიყვანა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება საზოგადოება, რომელიც ღიად დააფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, მეორე მხრივ, ქვეყნისთვის ღირებულებები, ტრადიციები, რელიგია არის მნიშვნელოვანი.

„ვფიქრობ, საზოგადოება, რომელიც შეიკრიბება ორშაბათს, 29 აპრილს, იქნება ადამიანების  ჯგუფი, რომელიც გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას, საკუთარ ხედვას და საკუთარ განწყობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი. ბევრჯერ გავხდით მომსწრენი ჩვენს ქვეყანაში ძალიან დამაზიანებელი დეზინფორმაციისა, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხი. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ თავისუფალ, ლაღ და ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს რუსთაველზე, რომელიც ღიად იტყვის და დააფიქსირებს პოზიციას, რომ ერთი მხრივ, საქართველო ევროპული ქვეყანაა და ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროპულ ოჯახში საბოლოო წევრობა, მეორე მხრივ, ჩვენთვის ღირებულებები, ტრადიციები, რელიგია არის მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის მთავარი ქვაკუთხედი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე საყოველთა-სახალხო შეკრება დაანონსა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში