შევეცადეთ, სასკოლო საზოგადოებისთვის სწრაფად მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ არავითარი პანიკის, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობდა, ეს იყო ცრუ განგაში - გიორგი ამილახვარი

22 აპრილი 2024, 16:04 382 ნახვა

მაქსიმალურად შევეცადეთ, სასკოლო საზოგადოებისთვის სწრაფად მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ არავითარი პანიკის და მით უმეტეს, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობდა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ ახლად შექმნილ „ტელეგრამ არხზე“. მთელი ღამის განმავლობაში, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სკოლებში შესაბამისი ღონისძიებები როგორც სამინისტროს, ისე შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ისინი უწყვეტ რეჟიმში ამოწმებდნენ. დილით ადრე უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ არ დადასტურდა ის, რაც ეწერა ინფორმაციაში. ბუნებრივია, მაქსიმალურად შევეცადეთ, სასკოლო საზოგადოებისთვის სწრაფად მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ არავითარი პანიკის და, მით უმეტეს, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს. ყველა სკოლაში მოხდა გადამოწმება და ეს იყო უბრალოდ ცრუ განგაში. რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები იკვლევენ, იძიებენ, ვინ დგას ამის უკან და რა შეიძლება, ყოფილიყო ამის მიზნები, ამოცანები“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი