საბოლოო სახით შედგა განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც პატრიოტიზმსა და ეროვნულ სულისკვეთებას ეფუძნება - პრემიერი

22 აპრილი 2024, 15:19 743 ნახვა

განხილვების საფუძველზე, საბოლოო სახით, შედგა განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც პატრიოტიზმსა და ეროვნულ სულისკვეთებას ეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, დოკუმენტის საფუძველზე გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, საგანმანათლებლო რესურსები და სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას.

„მესამე საკითხი უკავშირდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს. ჩვენ ერთ-ერთ სამთავრობო სხდომაზე ამ თემაზე გვქონდა საუბარი, მაშინ მომზადებული იყო პროექტი. ეს პროექტი განხილულ იქნა, შედგა შესაბამისი საჯარო განხილვები საკმაოდ ფართო ჩართულობით. აქ იყვნენ პარლამენტის, შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები, ჩართული იყვნენ ასევე დარგის ექსპერტები, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, სკოლების დირექტორები, მათ შორის კერძო სკოლების დირექტორები, ასევე სტუდენტები. საჯარო განხილვების საფუძველზე უკვე საბოლოო სახით შედგა დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ღირებულებებსა და პრინციპებს – ეს არის პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება. პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება; სახელმწიფოებრივი აზროვნება; ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა; სახელმწიფო ენა, ისტორია და კულტურა; ეთნიკური მრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა; თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოება; სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა; მდგრადი განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა; ჩართულობა, ტოლერანტობა და სამართლიანობა; მაღალი სამოქალაქო ცნობიერება; ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი, მორალური და ეთიკური პრინციპები; უფლებები, ვალდებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა; გარემოსდაცვითი ცნობიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური, ესთეტიკური, სოციო-ემოციური განვითარება; ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; აკადემიური ცოდნა და წიგნიერება; კომუნიკაციის მაღალი კულტურა; ციფრული მოქალაქეობა, შემოქმედებითობა და სიახლეთა მიმღებლობა. ამ დოკუმენტის საფუძველზე გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, გაუმჯობესდება საგანმანათლებლო რესურსები და სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას.

მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ 2004 წელს შედგა წინა დოკუმენტი. 20 წელია, ეს დოკუმენტი არ შეცვლილა, შესაბამისად, აუცილებელი იყო დოკუმენტის არსებითად გადასინჯვა. დიდი მადლობა განათლების სამინისტროს, რომ უზრუნველყო შესაბამისი დოკუმენტის პროექტის მომზადება, საჯარო განხილვები, რის საფუძველზეც მომზადდა მაღალი ხარისხის დოკუმენტი. ვხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით, მათ შორის გლობალური ტენდენციები, საკმაოდ სარისკო ნეგატიური ტენდენციები და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, ღირებულებებზე, რომლებიც ჩვენ მოგვდგამს საუკუნეების მანძილზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში, გაუმჯობესდება ჩვენი ახალგაზრდების განათლების ხარისხი, ღირებულებების გააზრება, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა, რითაც დაკავებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განმარტებით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის შესაბამისად სახელმძღვანელოების შემუშავება და პედაგოგების გადამზადება მომავალი სასწავლო წლისთვის ვერ მოესწრება და შესაბამისი სტანდარტები ძალაში ეტაპობრივად, დაახლოებით ორი წლის ვადაში შევა.

როგორც ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახელმძღვანელოებზე მუშაობა, შემდეგ კი მასწავლებლებს გადამზადება საგნობრივი სტანდარტებზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი