ვხედავთ ზოგიერთი რადიკალისგან, მათ შორის უცხოელი აქტორებისგან, პარლამენტს უფლებამოსილების შესრულება აუკრძალონ - პაპუაშვილი

17 აპრილი 2024, 11:57 377 ნახვა

ჩვენ გუშინკიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ არის მცდელობა, დაიბლოკოს მსჯელობა, არის სურვილი, რომ ყვირილით ჩაახშონ მსჯელობა, დოგმატიზმის ყველაზე ცხადი მაგალითია ეს, არგუმენტი არის ერთადერთი, უცხოეთიდან გვითხრეს არა მიიღოთო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს ქართული კანონები.

"გუშინ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა, პლებისციტი ჩავატაროთო, ანუ რა გამოდის, თუ პლებისციტით ხალხი მიემხრობა, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, რას ეუბნებიან უცხოეთიდან? მაშინ ეს არ ყოფილა ამოსავალი წერტილი. მე ის მიკვირს, როცა პარლამენტის წევრები ასეთ დამოკიდებულებაში არიან საკუთარ მანდატთან, ისინი არიან ხალხის წარმომადგენლები. ხალხის წარმომადგენელი არის საქართველოს პარლამენტი. დღეს რასაც ვხედავთ ზოგიერთი რადიკალი ჯგუფებიდან, მათ შორის უცხოელი აქტორებისგან, ეს არის, რომ აუკრძალო პარლამენტს, შეასრულოს თავისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. პარლამენტი ხალხმა აირჩია, რომ მიიღოს ქართული კანონები. როცა უკრძალავენ მას და არგუმენტების გარეშე მიუთითებენ, რა მიიღოს და რა არა, ეს არ არის სწორი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ.

"საერთოდ სასწაულია უკვე, ქალბატონი სალომე ყველანაირ ზღვარს სცდება. გამოდის, რომ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში. არც კი ვიცი, საერთოდ ასეთი გამოცდილება ისტორიაში თუ არსებობდა. არ მინდა, შევადარო რაღაც ცენტრებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ჩვენ გვახსოვს მაშინ, როცა 30 წლის წინ საქართველო იყო ნაწილი საბჭოთა კავშირისა, ცენტრში როცა მიდიოდა ჩივილები. ეს მიდგომა თუ აქვს, რომ ვიღაცას უნდა უჩივლოს თან სხვა სახელმწიფოში, საფრანგეთის პრეზიდენტი რა შუაშია საერთოდ საქართველოს პარლამენტის საქმიანობასთან. სალომე ზურაბიშვილისგან ქვეყნის მიმართ აბსოლუტურად გაუგონარი დამოკიდებულება გვაქვს. როგორც ჩანს, ამ ქვეყანას სახელმწიფოდ არ მიიჩნევს.

არ მიაჩნია, რომ ის ხალხი, რომლის წარმომადგენელიც არის საქართველოს პარლამენტი, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ფიქრობს, რომ უცხო ქვეყნის ლიდერებთან უნდა იჩივლოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რათა შემდეგ დაარწმუნონ ქართველი ხალხის ლიდერები, რა კანონი მიიღონ და რა არ მიიღონ. ზუსტად ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრა, როცა ჩვენი ქვეყნის ყოფნა საერთაშორისო თანამეგობრობაში ქალბატონ სალომეს და ბევრს ამ ჯგუფიდან მიაჩნია ისე, რომ საქართველოს უნდა უკარნახონ სხვა ქვეყნის ლიდერებმა, რა აკეთოს და რა არ აკეთოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი