ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. ისინი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას, კერძოდ მის მიმართ უვადო პატიმრობის გამოყენებას ითხოვდნენ.
მოკლული ქალის ოჯახის წევრების განცხადებით, ბრალდებულს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მკვლელობა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არსებობს.
ბათუმის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხს დღეს განიხილავს. შემთხვევა 2 აპრილს მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა, რის შემდეგაც თვითდაზიანებები მიიყენა.
ბრალდებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება.