ჩვენი პირობა იყო, კანონი არ დაგვებრუნებინა, მათი პირობა იყო ფინანსების გამჭვირვალობა - სად არის ფინანსების გამჭვირვალობა? - მამუკა მდინარაძე

06 აპრილი 2024, 13:08 452 ნახვა

მათ კამპანიას სახელად ჰქვია „ბრძოლა შავი ფულისთვის“. ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისათვის, მისი გაძლიერებისათვის, გამჭვირვალობისთვის - ისინი ებრძვიან გამჭვირვალობას და იბრძვიან შავი ფულისთვის. ამისთვის ბრძოლას სწირავენ საკუთარ თავს, საკუთარ იმიჯს, ყველაფერს სწირავენ იმისათვის, რომ შავი ფულისთვის იბრძოლონ, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ "გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ კამპანიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ეს არის „ნაცმოძრაობის“ და ენჯეო სექტორის იმ წარმომადგენლების ბრძოლა შავი ფულისათვის, ვინც ამ შავი ფულით საზრდოობენ და ეს ბრძოლა მათი მარცხით დამთავრდება.

„ეს არის „ნაცმოძრაობის“ და მათი პატრონების ბრძოლა შავი ფულისათვის. ეს არის ენჯეო სექტორის რადიკალური ნაწილის, იმ წარმომადგენლების ბრძოლა შავი ფულისათვის, ვინც ამ შავი ფულით საზრდოობენ, თორემ თუ გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია, მაშინ, საბრძოლველი აქ არაფერია. მაშინ, უბრალოდ წყნარად, მშვიდად, კანონმორჩილად, ყოველი წლის იანვარში შეავსებენ წინა წლის დეკლარაციას და დამთავრდება ამით ყველაფერი. ეს რომ არ გააკეთონ, ამიტომ იბრძვიან ასე თავგამოდებით, ამიტომ, აწრიალებენ მთელ მსოფლიოს. ეს ბრძოლა შავი ფულისათვის, პირობას ვაძლევ, რომ დამთავრდება მათი მარცხით“ - განაცხადა მდინარაძემ.

 

მანვე აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუბრუნდებოდა „გამჭვირვალობის კანონს“, იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარის დადებული პირობა შესრულდებოდა და ფინანსები გამჭვირვალე გახდებოდა.

„რაც შეეხება პირობებს, რომელზეც ისინი საუბრობენ - დიახ ჩვენი პირობა იყო კანონი არ დაგვებრუნებინა, მათი პირობა იყო ფინანსების გამჭვირვალობა - სად არის ფინანსების გამჭვირვალობა? კიდევ, უფრო, რომ გაუარესდა ეს არის გამჭვირვალობა? მათი პირობა სად არის? ათასობით მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, რომ ფინანსები უფრო გაუმჭვირვალე გახდა. ამიტომ, პირობებს თავი დაანებონ და ქუჩური სტილის რაღაც გარჩევებს, რომ პირობა სად არის. სად არის და აქ არის, ის პირობა - დიახ, ჩვენ არ დავუბრუნდებოდით არცერთი წამით კანონს, ფინანსები რომ გამჭვირვალე ყოფილიყო. ჩვენი პირობა იყო კანონის არ დაბრუნება, მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, რაშიც გადაგვაგდეს, ქართული სახელმწიფო გადააგდეს, ქართული საზოგადოება მოატყუეს და სად არის მათი არათუ პირობა, არამედ, დადებული გარანტიები, რომ გამჭვირვალეა ისედაც, რომელ ნაწილშია გამჭვირვალე? გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ არ არის გამჭვირვალე, იტყუებიან, - განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი